სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება: ლიცენზიის პირობების დარღვევაზე ჯარიმა იზრდება

© press-service of the Ministry of Agriculture of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევაზე საჯარიმო სანქციები იზრდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს მიერ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებები მიმდინარე წლის 27 ივნისიდან ამოქმედდება.
როგორც სააგენტო აზუსტებს, ცვლილებები შეეხო ნორმებს, რომლებიც წიაღით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებს განსაზღვრავს.

„რიგ დარღვევებზე სანქციები იზრდება, რაც მიზანშეწონილია, ვინაიდან მათი განსაზღვრისას გათვალისწინებულია სამართალდარღვევის ხასიათი, მისი სიმძიმე და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი. სახდელის მინიმალურ ოდენობად კვლავ რჩება 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური სახდელი განისაზღვრება 10.000 ლარის ოდენობით“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან იქვეა განმარტებული, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებთან მიმართებით სამართალდარღვევების შინაარსს არ აკონკრეტებს და მხოლოდ ორ ნაწილადაა დაყოფილი.
ახალი ცვლილები კი მათ შინაარსის მიხედვით დაყოფას ითვალისწინებს, რისთვისაც ნორმაში კონკრეტული ჩამონათვალი გაკეთდა. როგორც უწყებაში მიაჩნიათ, ეს ცალსახად გამორიცხავს „არასათანადო სანქციის დაწესების რისკს“ და ამასთან შესაძლებელს გახდის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადეკვატური სახდელი დაუწესდეს.
ყველა ახალი ამბავი
0