საქართველოში „ადვოკატთა სახლი“ გაიხსნა

© courtesy of Georgian Bar Associationადვოკატთა ასოციაციის სათავო ოფისი
ადვოკატთა ასოციაციის სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას 5 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ადვოკატთა სახლის გახსნა არაერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს დღევანდელობაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის, „ადვოკატთა სახლის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მარია სლაზაკმა გახსნეს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.

„თქვენი ასოციაცია, რომელიც 5 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს, ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქვეყანაში. ყოველდღიური შრომით თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ დემოკრატიისა და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქალაქო და რაიონული პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციის ერთ არეალში განთავსება წაახალისებს ზოგადად იურიდიულ პროფესიებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოციაციის ახალი სათავო ოფისის კონცეფციამ და დიზაინმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო Global Architecture & Design Award 2021 მიიღო.

„დარწმუნებული ვარ, ეს კონცეფცია ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის სავიზიტო ბარათად იქცევა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველასთვის სასიხარულოა ახალი სათავო ოფისის შენობა, რომლის დიზაინმაც მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა შეემატება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ადვოკატთა სახლის“ გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო ვისკო, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ დელეგაციები ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.
ყველა ახალი ამბავი
0