საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალურ აქტივებთან მუშაობის წესები დაამტკიცა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესები 2023 წლის 1 ივლისს ამოქმედდება.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების პროვაიდერებისთვის წესები დაამტკიცა, რაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთას ისახავს მიზნად, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
„საქართველოს ეროვნულ ბანკში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი“ 2023 წლის 1 ივლისს ამოქმედდება.
ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებელი არის პირი, რომელიც ვირტუალური აქტივების მომსახურებას ახორციელებს სხვა პირის ინტერესებში.
წესი ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს, ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმებს, სათავო ოფისის, ფილიალების, თვითმომსახურების კიოსკის, ელექტრონული სისტემისთვის, და მოთხოვნებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით.
წესები ასევე ითვალისწინებს რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების და სახელმძღვანელოს შესაბამისად.
ვირტუალური აქტივების მომსახურებაში შედის:
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში;
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა;
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა);
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.
ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით.
ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა საფინანსო ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.
ყველა ახალი ამბავი
0