Georgian Manganese-მა მაღაროელების ხელფასზე ინფორმაცია გაასაჯაროვა

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
მეშახტეებმა პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა გამოაცხადეს, ისინი ხელფასების 20%-ით მომატებას მოითხოვენ.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. გაფიცული მეშახტეები პროტესტს განაგრძობენ და ამ ეტაპზე 14 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთს – ხელფასების ზრდას აყენებენ.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ უკვე ორი კვირაა გრძელდება. აქციის მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მანამდე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა, სხვამ კი ვენები გადაიჭრა. კვირას, 18 ივნისს კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა და ხელფასების 5%-ით გაზრდის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.
ბოლო ინფორმაციით, დასაქმებულები მზად არიან სამუშაოს დაუბრუნდნენ, თუ მათი ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება.
როგორც Georgian Manganese Holding-ში აცხადებენ, კომპანიის ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის 32 მლნ დოლარს შეადგენს, რის ფონზეც დასაქმებულების მხრიდან ჯამში 10 მლნ დოლარის ეკვივალენტით ხელფასების ზრდის მოთხოვნა ალოგიკურია.

„საწარმო თებერვალში გაჩერდა, თანამშრომლებს ხელფასების 60 პროცენტი და სადაზღვევო პაკეტი შეუნარჩუნდათ, ამასთან, რამდენიმე ბანკში, კომპანიის შეთანხმების საფუძველზე, მაღაროელებს შეუჩერდათ კრედიტების გადახდის ვალდებულება“, — განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რადგან ჭიათურელი მაღაროელების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში განსხვავებული რიცხვები სახელდებოდა, კომპანიამ, გაფიცულებთან შეთანხმებით, სახელფასო მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, მაღაროელების საშუალო დარიცხული ხელფასი 3200 ლარია.
ტატიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებებში წინსვლა არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები რთული სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი საშუალებაა.
გუშინ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ (Georgian Manganese) გამოთქვა მზადყოფნა, გაფიცულ მაღაროელებთან სრული კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში ჭიათურის მაღაროები მათ მართვაში გადასცეს.
ყველა ახალი ამბავი
0