სკოლის ნიშნებზე უფრო მნიშვნელოვანი: როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ინტელექტის ტიპი

© Pexels / Andrea Piacquadioგოგონა წიგნით
გოგონა წიგნით - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თანამედროვე საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ბავშვის პოტენციალს მისი სასკოლო მოსწრება განსაზღვრავს, მაგრამ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილი შესაძლოა ინტელექტის რვა ტიპიდან ერთ-ერთის მფლობელი იყოს, რომელიც სასკოლო ნიშნებით არ ფასდება, აცხადებენ სპეციალისტები.
როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, ბავშვი აუცილებლად არის ნიჭიერი რაღაც მიმართულებით, და თუ მშობელი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შეძლებს შვილის ინტელექტის ტიპის ამოცნობას, მაშინ ის დიდად შეუწყობს ხელს მის სათანადო მიმართულებით განვითარებას.
გახსოვდეთ: ბავშვის რომელიმე ნიჭი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მათემატიკისა თუ ფიზიკის ათვისების უნარი!
ვნახოთ, როგორ შეიძლება ბავშვის ინტელექტის ტიპის განსაზღვრა.

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

ამერიკელი ფსიქოლოგის ჰოვარდ გარდნერის თეორიის თანახმად, არსებობს რვა ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მათი შესაბამისი სწავლის სტილი.
მეცნიერის თქმით, ბავშვის ინტელექტის მარტივი IQ ტესტით შემოწმება საკმარისი არ არის. აკადემიური მოსწრება უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის მიდრეკილება ხატვის, მუსიკის, ცეკვის, ბიზნესისა თუ სხვა სფეროებისადმი. აუცილებელია, რომ ბავშვის პოტენციალის განსაზღვრისას ყველა ეს მიდრეკილება გათვალისწინებული იყოს.
გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის თანახმად, რვა ტიპის ინტელექტიდან ბავშვში შესაძლოა ერთი ან ორი ტიპის ინტელექტი დომინირებდეს.

ინტელექტის ტიპები

სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი ამ ტიპის ინტელექტის მქონე ბავშვები სპორტსა და სხვა ფიზიკურ აქტივობებში აღწევენ წარმატებას. ისინი ბევრს მოძრაობენ და მათ კარგად კოორდინირებული მოძრაობები აქვთ.
დააკვირდით ბავშვს: მოუსვენარია? ყოველთვის ტონუსშია? ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა არ შეუძლია? ეს წვრილმანი დეტალები დაგეხმარებათ ამოიცნოთ მასში სხეულებრივ-კინესთეტიკური ტიპის ინტელექტი, რომელსაც მრავალი ცნობილი სპორტსმენი, მსახიობი და მოცეკვავე ფლობს.
ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი — განსაზღვრავს, თუ რამდენად კარგად შეუძლია ბავშვს ობიექტების, ადგილებისა და სიზმრებისა თუ ოცნებების ვიზუალიზაციაც კი. ამ ტიპის ინტელექტის ბავშვები ნიჭიერები არიან ხატვაში, ძერწვასა და სხვა მსგავს საქმეებში. მათ კარგად შეუძლიათ ობიექტების ზომის განსაზღვრა და შეუძლიათ წარსული მოვლენების დეტალურად აღდგენა-გახსენება.
გარდა ამისა, თავიანთ აზრებსა და გრძნობებს კარგად გამოხატავენ ვიზუალური ფორმით.
თუ თქვენი შვილი ყურადღებას აქცევს დეტალებს და ყოველდღიური მოვლენების უმცირესი დეტალების დამახსოვრებაც კი შეუძლია, ე.ი. მას ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი აქვს და შეუძლია მხატვარი, არქიტექტორი ან მსგავსი სფეროს სპეციალისტი გახდეს.
ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი — ახასიათებს იმ ბავშვებს, რომლებსაც მათემატიკური გამოთვლებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარი აქვთ.
თუ თქვენი შვილი დაკვირვებულია, არასტანდარტულად აზროვნებს, ლოგიკურად მსჯელობს და კარგად შეუძლია რაიმეს ახსნა, ე.ი. ამ ტიპის ინტელექტის მფლობელია.
ასეთი ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და ხშირად სვამენ კითხვებს. მათ კარგად ესმით რიცხვების, გრაფიკების და დიაგრამების ენა.
მუსიკალური ინტელექტი — თუ ბავშვს მუსიკის მოსმენა უყვარს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მუსიკალური ინტელექტი აქვს. ამ ტიპის ინტელექტი ვითარდება ბავშვებში, რომლებსაც უყვართ მუსიკის შეთხზვა, სიმღერა და სხვადასხვა რიტმების კაკუნი. მათ სხვებზე უკეთ ესმით მუსიკა.
თუ თქვენს შვილს ლამაზი ხმა და რიტმის გრძნობა აქვს, განასხვავებს ტონალობებს და დაინტერესებულია მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით, მაშინ მას უდავოდ აქვს განვითარებული მუსიკალური ინტელექტი.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მუსიკალური ინტელექტი — ეს საკმაოდ ფართო ცნებაა და ის შესაძლოა სხვადასხვა ბავშვში სხვადასხვა გზით გამოვლინდეს.
ლინგვისტური ინტელექტი — ამ ტიპის ინტელექტის მქონე ბავშვებს ჩვეულებრივ კარგად აქვთ განვითარებული ენობრივი უნარები. თუ თქვენს შვილს აქვს ლამაზი ხელწერა, უყვარს კითხვა, კარგად ესმის გრამატიკა და რთულ სიტყვებს სწორად წერს, ე.ი. ლინგვისტური ინტელექტის მფლობელია.
ასეთ ბავშვებს უყვართ სიტყვებით თამაში და კროსვორდების ამოხსნა. აქვთ მდიდარი ლექსიკა, ადვილად იმახსოვრებენ ახალ სიტყვებს და შესანიშნავად შეუძლიათ ისტორიების თხრობა.
ეგზისტენციალური ინტელექტი — არ აგერიოთ ინტროვერსიაში ან ეგოცენტრიზმში. ამ ტიპის ინტელექტი უკავშირდება ადამიანის მარტოობით ტკბობის უნარს.
თუ ბავშვი მარტო ყოფნის დროს არ იწყენს და არც ეშინია, ე.ი. ეზისტენციალური ინტელექტის მფლობელია. ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ პასუხისმგებლობა, თვითშემეცნება და დამოუკიდებლობა.
ბავშვები, რომლებსაც ეგზისტენციალური ინტელექტი აქვთ, კარგად აცნობიერებენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ასეთი ბავშვები დარწმუნებული არიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ. ისინი უსმენენ სხვებს, მაგრამ აკეთებენ იმას, რაც თავად მიაჩნიათ სწორად. ასეთებისგან წარმატებული ბიზნესმენები გამოდიან.
ინტერპერსონალური ინტელექტი — ამ ტიპის ინტელექტის მქონე ბავშვები კომუნიკაბელურები არიან, როგორც წესი, ბევრი მეგობარი ჰყავთ.
თუ თქვენი შვილი მუდმივად მეგობრებთან ერთად ატარებს დროს და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ე.ი. ამ ტიპის ინტელექტი აქვს განვითარებული.
ასეთი ბავშვები იოლად პოულობენ საერთო ენას სხვადასხვა ადამიანებთან და მათ ესმით, როგორ უნდა გაუმკლავდნენ სხვადასხვა სიტუაციებს. მეგობრების მიმართ თანამგრძნობი, კეთილი და გულისხმიერები არიან. ასეთი ბავშვებისგან კარგი დიპლომატები, ლიდერები და პედაგოგები გამოდიან.
ნატურალისტური ინტელექტი — თუ თქვენს შვილს ბუნებაში (პარკებში, ბაღებში, ყველგან, სადაც ასფალტის ნაცვლად ბალახი და ხეებია) სეირნობა, „მიწაში ჩიჩქვნა“ და ცხოველებთან თამაში უყვარს, ე.ი. ამ ტიპის ინტელექტი აქვს განვითარებული.
ასეთ ბავშვებს აინტერესებთ ბუნებრივი მოვლენები, ზოგადად გარემომცველი სამყარო. მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ გარე სამყაროსადმი და საკმაოდ მგრძნობიარენი არიან მასში მომხდარი ცვლილებებისადმი. შფოთავენ, როცა ესმით, რომ ბუნებას ადამიანის მიზეზით რაღაც ზიანი ადგება.
ყველა ახალი ამბავი
0