უარი დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა იქნება - ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
ქართული მხარე ევროკომისიის გადაწყვეტილებას მშვიდად ელოდება, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. დასავლეთი სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიიღებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდად ევროკომისიის გადაწყვეტილებას", – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან დასძინა, რომ მსოფლიოში ვითარება რთულია და მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიო წესრიგი შეცვალა.
„მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კობახიძე: საქართველოს ხალხსა და ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის>>
გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ ევროპელ მეგობრებს საქართველოში პოლარიზაციის დასრულება სურთ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიანიჭონ, რადგანაც ეს სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი საგანი და პოლარიზაციის წყაროა.
„თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისია საქართველოს შესახებ ანგარიშს მიმდინარე კვირაში წარმოადგენს.

„ეს არ იქნება საჯარო ინფორმაცია, მაგრამ ალბათ ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი ჩვენთვისაც, მათ შორის. მაგრამ საბოლოო ჯამში ოქტომბერში უნდა წარადგინოს ევროკომისიამ რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, მისცეს თუ არა სტატუსი საქართველოს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", – განაცხადა პრემიერმა.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს წარმოადგენს>>
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0