იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილი შესაძლოა ციხის საკანში დააბრუნონ

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის სასამართლო პროცესი
სააკაშვილის სასამართლო პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაშინ გადაიყვანენ, როდესაც მედიკოსების შესაბამისი რეკომენდაცია იქნება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. გასულ კვირაში, 16 ივნისს სააკაშვილმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.

„ეს ადამიანი არის პატიმარი და, შესაბამისად, როდესაც შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება (გადაყვანილი). აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.

ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის.
„მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, უნდა მიიღოს საქართველო მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იღებს“, – აღნიშნა მინისტრმა.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
მიუნჰაუზენი, მატყუარა და სიმულანტი - კობახიძე სააკაშვილის შესახებ >>
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. ადვოკატების თქმით, ეს დაავადებები მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.

პატიმარი სააკაშვილი

სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.
„შოუ, მასკარადი და ცირკი“ - პრემიერი ღარიბაშვილი სააკაშვილის საქციელზე >>
ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".
ყველა ახალი ამბავი
0