რა ხდება საქართველოს კინოცენტრში - კულტურის სამინისტროს განცხადება

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტროს შენობა
კულტურის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
კინოცენტრის ზოგიერთი წარმომადგენელი ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას აპროტესტებს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეფორმა ცენზურის გაძლიერებას ისახავს მიზნად, არასერიოზულია, ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებამ კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაიას დანიშვნის შესახებ კინოინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენლის კრიტიკა გამოიწვია. ხუბუნაია იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა, როცა უწყებას წულუკიანი ხელმძღვანელობდა. ახალი უფროსის დანიშვნით უკმაყოფილო პირთა მოსაზრებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცენზურა კინოინდუსტრიაში.

„...ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ცალკეული მოქალაქეების უკმაყოფილება და განცხადებები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილი და ქართული კინოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაიგეგმა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 10 ივნისს გამოცხადებული კინოცენტრის რეორგანიზაცია 12 ივლისს დასრულდება და შეიძლება ჩაითვალოს სისტემური რეფორმის პირველ ნაბიჯად.
„მოცემული რეორგანიზაციის მიზანია კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ასევე რეფორმის გატარება, რომლის კონკრეტული შინაარსიც უნდა განისაზღვროს რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ", – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაიას დანიშვნას, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს რეორგანიზაციის პროცესში გაკეთდა, რაც მომავალი რეფორმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სთხოვა ბატონ კობა ხუბუნაიას, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს, როგორც დროებითმა ადმინისტრატორმა, ტექნიკურად შეასრულოს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობები. უნდა აღინიშნოს, რომ ვერც სამინისტროს, ვერც მინისტრისა და ვერც კობა ხუბუნაიას მისამართით გამოთქმული უარყოფითი ეპითეტები ზემოაღწერილი რეფორმის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება", – ნათქვამია განცხადებაში.
„ჭარბი აჟიოტაჟი" - მმართველ გუნდში კინოცენტრთან დაკავშირებული ვითარება შეაფასეს>>>
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხუბუნაია განათლებით ეკონომისტია.
უწყების ცნობით, რაც შეეხება კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაგა ჩხეიძის გათავისუფლებას, ეს დაკავშირებულია რიგ დარღვევებთან, რომელთა სრული ჩამონათვალი ჯერ კიდევ 2022 წლის 15 მარტს გამოქვეყნდა, მანამდე კი აუდიტის დასკვნა საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა შემდგომი შეაგირებისთვის.

„ბატონი გაგა ჩხეიძის საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები ეხებოდა, მათ შორის, ფინანსური სახსრების არასათანადო ხარჯვას, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სისტემატური დარღვევის ფაქტებს, კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს, ცალკეული კონკურსანტების მიმართ არაობიექტური და არასამართლიანი მიდგომის ფაქტებს", – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებისა და მათი შემდგომში თავიდან აცილების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ კინოცენტრის მიმართ გაიცა 18 რეკომენდაცია.
თუმცა, ბოლო ერთი წლის მანძილზე კინოცენტრმა ოთხჯერ მიმართა სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარმოდგენისა და მათი შესრულების ვადების გადაწევის თხოვნით.
„ამჟამად 7 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია. საგულისხმოა, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციათა ნაწილი ეხება საექსპერტო კომისიების დაკომპლექტებას, კომისიის წევრთა შერჩევისა და მათ მიერ ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს. ცალკე და ღია მსჯელობის საგნად უნდა იქცეს დაუსრულებელი ფილმების თემაც", – აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წლიდან 2021 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში 22 ფილმის წარმოება შეჩერდა.
რეორგანიზაციის პროცესში კინოცენტრში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე ირიცხება შტატში და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, შესაბამის გასამრჯელოს ყველა შეუფერხებლად იღებს, აღნიშნულია განცხადებაში.
კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას მანამდე, ვიდრე კინოინდუსტრიის პროფესიონალთა ჯგუფი სამართლიან, გამჭვირვალე და კონკურენტულ საფუძველზე ახალ დირექტორს არ შეარჩევს. ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შესაბამისი პეტიცია უკვე მოამზადეს.
2022 წლის 18 მარტს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც უწყებაში რეორგანიზაცია დაიწყო.
ეროვნული კინოცენტრი 2001 წელს დაარსდა, მისი მთავარი მიზანია ქართული კინოს განვითარება, სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ყველა ახალი ამბავი
0