საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო
10:31 20.06.2023 (განახლებულია: 16:38 20.06.2023)
© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ექსპორტმა დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 18,6%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-მაისში.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 19%-ით გაიზარდა და 8,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 5,8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 19,1%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 2023 წლის იანვარი–მაისი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 2.502,9 | 18,6 |
იმპორტი | 5.859,7 | 19,1 |
სულ | 8.362,6 | 18,9 |
ექსპორტმა შეადგინა 2,5 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18,6%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ხუთი თვის მაჩვენებელთან შედარებით 19,5%-ით მეტია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან 2023 წლის იანვარი–მაისში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
მსუბუქი ავტომობილები | 795,0 | 316,2 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 315,7 | -32,2 |
ღვინო | 103,5 | 29,7 |
ფეროშენადნობები | 86,5 | -69,7 |
აზოტის სასუქი | 85,6 | -44,0 |
2023 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 316,2%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი – 96,2%-ით, სპირტიანი სასმელების – 71%-ით.
ამავე დროს წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – თითქმის 70%-ით, აზოტის სასუქის – 44%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 32,2%-ით, წამლების – 4%-ით
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში 2023 წლის იანვარი–მაისში იმპორტირებული ძირითადი პროდუქცია
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
მსუბუქი ავტომობილები | 1.015,0 | 85,4 |
ნავთობპროდუქტები | 399,8 | -13,4 |
გაზი | 264,6 | 19,6 |
წამლები | 216,2 | 38,6 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 176,0 | -49,0 |
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა იმპორტი მსუბუქი ავტომობილების – 85,4%-ით, თამბაქოს ნაწარმის – 78,3%-ით, სატვირთო ავტომობილების – 60,5%-ით, ასევე ტრაქტორების – 59,3%.
წლის დასაწყისიდან შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი – 49%-ით და ნავთობპროდუქტების – 13,4%-ით, ასევე გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების – 7,5%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2023 წლის იანვარ-მაისში პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,3%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 2023 წლის იანვარი–მაისში
ქვეყანა | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
თურქეთი | 1.194,9 | 15,7 |
რუსეთი | 1.059,9 | 38,4 |
ჩინეთი | 623,3 | -20,5 |
აზერბაიჯანი | 612,0 | 13,2 |
აშშ | 610,3 | 22,5 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და იაპონია.