მოსაზრება: დასავლეთმა უკრაინის მთავარი ოცნება აასრულა და პუტინის ხაფანგში მოხვდა

© AP Photo / Efrem Lukatsky
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ირინა ალქსნისი
დასავლეთი მხოლოდ ახლა იწყებს იმ ორმოს სიღრმის გააზრებას, რომელიც ამოითხარა, მიაჩნია „რია ნოვოსტის“ მიმომხილველს.
კერძოდ, ის წერს:
უკრაინის კონტრშეტევა, რომელზეც ყველაფერი იყო დადებული, ჩაიშალა. ფრონტზე გამწვავების პირველ დღეებში საქმეში ჩაუხედავებისთვის ძნელი იყო მომხდარის არსში გარკვევა, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ „რუხ“, არავის ზონაში მოქმედებენ.
ანუ კიევი უზარმაზარ დანაკარგებს ჯერ კიდევ რუსეთის თავდაცვის პირველ ხაზამდე მიღწევამდე განიცდის, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გარღვევაზე.
დასავლეთი, რაღა თქმა უნდა, უკრაინელებს ანგარიშში არ აგდებს, მაგრამ საკუთარ დანაკარგებს, ფულისა და მიწოდებული იარაღის სახით, ითვლის. Bloomberg-ის ცნობით, დღეს ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მორიგ პაკეტს გამოაცხადებს 50 მილიარდი ევროს ოდენობით. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროპელებს თავისთვის მძიმე ვალდებულებების არიდება სურთ და კიევს დახმარებას გრანტების, შეღავათიანი სესხებისა და გარანტიების სახით სთავაზობენ.
ამერიკელებისთვის, რომლებსაც ევროპელი მოკავშირეების ეკონომიკის ჩაძირვა სურთ, სიტუაცია ასევე მძიმეა. ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა დევიდ საქსმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ის არა მხოლოდ უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობას, არამედ იმ ჩიხსაც აფიქსირებს, რომელშიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღმოჩნდა.
გასულ პერიოდში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე 100 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო. გასაგებია, რომ ამ თანხის უმეტესი ნაწილი ვაშინგტონში „გაიჭრა“, მაგრამ თანხები მაინც უაზროდ გაიხარჯა უკრაინის მიმართულებით, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკელებისთვის ახლანდელ რთულ პერიოდში უფრო გადაუდებელი მიზნებისთვის ყოფილიყო მიმართული.
მაგრამ ყველა ეს ხარჯიც კი არ იქნება კრიტიკული (ბოლოს და ბოლოს, შტატები კვლავაც აკონტროლებს პლანეტის მთავარ საბეჭდ დაზგას), მათი მიზნები მიღწეული რომ ყოფილიყო. ამის ნაცვლად ფრონტზე წარუმატებლობა მაქსიმალურად ნათლად გადმოსცემს, რომ უკრაინა დასავლეთისთვის შავ ხვრელად იქცა, რომელიც უბრალოდ რესურსებს სწოვს და არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს.
ამავდროულად თავად კიევს ყველაფერი კარგად აქვს. იქ გააცნობიერეს, რომ რუსეთი საერთოდ არ აპირებს პოლონეთის საზღვრებისკენ წასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში მოსკოვთან ბრძოლა შესაძლოა ძალიან დიდი ხნით გაიწელოს. მთავარია, დასავლეთის მეურვეობაში დარჩეს ქვეყნის უმეტესი ნაწილით, და დაუსრულებლად მოითხოვოს მხარდაჭერის გაზრდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მას ყოველთვის ექნება იარაღის მარაგის ნაკლებობა, სანამ კონფლიქტი არ დასრულდება. ამავდროულად, უკრაინაში მთელი ეს გიჟური, თოვლის ზვავივით მზარდი ვალები არავის აწუხებს — პირდაპირ ამბობენ, რომ მოსკოვზე გამარჯვების შემდეგ მათ რუსული რეპარაციებიდან დაიბრუნებენ. ხოლო ის, რომ გამარჯვება არანაირად არ გამოსდის, ამაში დასავლეთია დამნაშავე, რადგან ის ცოტას და ცუდად ეხმარება. უკიდურესად კომფორტული პოზიციაა.
ის ფაქტი კი, რომ ახლა ქვეყანა ასობით და ათასობით მოქალაქის სიცოცხლით იხდის საფასურს, რა თქმა უნდა, არავის აწუხებს კიევში. ფაქტობრივად, ამ მომენტში უკრაინამ აისრულა თავისი მთავარი ოცნება და ყველაფერს გააკეთებს სტატუს კვოს შესანარჩუნებლად.
რასაკვირველია, კისერზე ჯდომის მთელი ამ დღესასწაულის შეწყვეტა დასავლეთს თითის ერთი აქნევით შეეძლო, მაგრამ ვერ აკეთებს ამას — თეთრმა სახლმა და ლიბერალურმა ატლანტიკურმა ელიტებმა ბევრი რამ დადეს უკრაინაზე საიმისოდ, რომ უკან დაიხიონ. თანაც, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების სწრაფად მოახლოების ფონზე ეს სრულიად წარმოუდგენელია — ეს ზედმეტად სამარცხვინო, ხმამაღალი და ძვირადღირებული მარცხი იქნება დემოკრატიული პარტიისთვის.
დევიდ საქსმა, ისევე, როგორც მანამდე სხვა ბევრმა, ავღანეთთან გაავლო პარალელი, საიდან გამოსვლაც ამერიკელებისთვის სკანდალური დამცირება აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს თვალში. თუმცა, რეალობა კიდევ უფრო უარესია. 20 წლის განმავლობაში ავღანეთის კამპანია მოსაწყენ საინფორმაციო ფონად გადაიქცა მსოფლიოსთვის.
ის ფაქტი, რომ იგი ჩიხში მოექცა და მოკავშირეები იქიდან უნდა გასულიყვნენ, ყველასთვის აშკარა იყო. შეერთებული შტატების მთავარი რეპუტაციული დანაკარგები ამ ღმერთისგან მივიწყებული ქვეყნიდან ჯარების გაყვანის ფაქტს კი არ უკავშირდებოდა, არამედ იმას, თუ რამდენად საშინლად შესრულდა ეს წმინდა ლოგისტიკურად. მარცხი უფრო ტექნიკური იყო, ვიდრე პოლიტიკური.
უკრაინის შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. წელიწად-ნახევრის განმავლობაში დასავლეთი პოლიტიკურად და ინფორმაციულად ბერავდა გლობალურ ეგზისტენციალურ კრიზისში რუსეთთან დაპირისპირების თემას. იმისთვის, რომ ამან სიმკვეთრე დაკარგოს, შეიძლება 20 წელი არა, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. ახლა უკრაინის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება ნიშნავს არა მხოლოდ მგრძნობიარე დარტყმას შეერთებული შტატებისა და ევროპის იმიჯზე, არამედ მძიმე სტრატეგიული დამარცხების აღიარებას მთელი მსოფლიოს წინაშე.
პლანეტის სხვადასხვა რეგიონში გავლენის სწრაფი დაკარგვის ამჟამინდელ ვითარებაში შტატები უბრალოდ ვერ მისცემს ამის უფლებას თავს, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს მათი გლობალური ჰეგემონიის დაშლისკენ, ანუ მათთვის საქმე არა მხოლოდ და არც იმდენად შიდა პოლიტიკურ პრობლემებშია.
ისღა რჩება, უფრო და უფრო ღრმად ჩაიმარხოს თავი უკრაინის კრიზისში, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთის გეოპოლიტიკური მარცხით დასრულდება, მაგრამ ახლა არა, ცოტა მოგვიანებით. ეს კლასიკური ცუგცვანგია, საიდანაც კარგი გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
.
ყველა ახალი ამბავი
0