მკურნალი საგანძური: ქაცვის სარგებელი, აკრძალვები და ნაყენის რეცეპტი

ქაცვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქაცვი — ეს არის პროდუქტი, რომელიც მრავალი დაავადების სამკურნალოდ არის რეკომენდებული, ვინაიდან უამრავ აუცილებელ ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ქაცვი სასარგებლოა ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორებიცაა: შაკიკი, გულის, თირკმლებისა თუ ძვლების დაავადებები. სწორედ ამიტომ ის აუცილებლად უნდა შედიოდეს რაციონში.
ქაცვის სამშობლოდ აღმოსავლეთ აზიის ტერიტორია მიიჩნევა, სადაც ის უძველესი დროიდან გამოიყენებოდა არაერთი სნეულების წინააღმდეგ. მაგალითად, ტიბეტში თვლიდნენ, რომ ის ყველა დაავადების უნივერსალური სამკურნალო საშუალება იყო.
სამწუხაროდ, ამ უნიკალური მცენარის სამკურნალო თვისებები შუა საუკუნეებიდან დავიწყებას მიეცა და ვიდრე მე-20 საუკუნემდე უსარგებლო ბუჩქად ითვლებოდა. გასული საუკუნის შუა წლებიდან კი ის ოფიციალურად შეიტანეს ფარმაკოპეაში — ფარმაცევტების სახელმძღვანელო ოფიციალურ კრებულში, რომელშიც წამლების დამზადების, შემოწმების, შენახვისა და ა.შ. სავალდებულო წესებია მოცემული.

ქაცვის „სიმდიდრე“

ქაცვი მდიდარია: კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, ბორით, ფოსფორით, ამინომჟავებით, კაროტინოიდებით და ფლავონოიდებით.
მასში ასევე შედის ვიტამინები: A, C, B1, B2, B3, B6, B9, E, PP და H. ამასთან, C ვიტამინი მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ციტრუსებში.

ქაცვის სარგებელი

ქაცვი განსაკუთრებით გამოირჩევა თირკმლების დაავადებების სამკურნალოდ, თუმცა ასევე ძალიან ეფექტურია სხვა არაერთი დაავადების შემთხვევაშიც.
მისი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
კურნავს ბუასილს;
კურნავს ფილტვების ინფექციებს;
აღკვეთს C ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში;
გამოიყენება ძვლების მოტეხილობებისა და ბზარების სამკურნალოდ;
ქაცვის კურკის ფხვნილი ეხმარება ხრტილოვანი ქსოვილის წარმოქმნას;
ქაცვისა და რძის ნაზავი აღადგენს სახსრებს და ხსნის ტკივილებს ზურგის არეში;
სასარგებლოა ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ;
ქაცვის ფხვნილი ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს;
K ვიტამინის წყალობით ებრძვის კუჭისა და ნაწლავების ინფექციებს;
დიდი რაოდენობით უჯრედისი აჩენს სიმაძღრის შეგრძნებას, აქვეითებს მადას და ხელს უწყობს წონაში კლებას;
აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას;
ქაცვის მოხალული ფხვნილი ქერის ფქვილთან, ქერის ქატოსთან, თაფლთან და რძესთან ერთად არის უნიკალური ნაზავი ბავშვებში ძვლებისა და კუნთების განვითარებისთვის;
კურნავს შაკიკს;
ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადებს განვითარებას.

როდის ხდება ქაცვი საშიში

ყველა მისი სარგებლის მიუხედავად, ზოგ შემთხვევაში ქაცვი შეიძლება საზიანო იყოს, ვინაიდან მას უკუჩვენებები აქვს.
სპეციალისტების თქმით, ქაცვი ფრთხილად უნდა მიიღოთ:
თირკმლებში ან ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობისას;
პანკრეასისა და ღვიძლის დაავადებების დროს;
ქირურგიული ოპერაციის წინ, ჭრილობებისა და ღრმა ტრავმების შემთხვევაში — ვინაიდან ანელებს სისხლის შედედებას;
წნევის დამწევი და სისხლის გამათხელებელი წამლების სმის პერიოდში — ვიანიდან აძლიერებს მათ მოქმედებას და შესაძლოა წნევის ძალიან დაბალ ნიშნულამდე დაცემა გამოიწვიოს;
გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობის დროს.
გარდა ამისა, ექიმების თქმით, არსებობს ქაცვზე ალერგიული რეაქციების რისკიც.

ქაცვის ნაყენი

ქაცვის ნაყოფი არცთუ ისე გემრიელია, მაგრამ თუ სწორი რეცეპტი გეცოდინებათ, მისგან არაჩვეულებრივი გემოსა და ჯანსაღი ნაყენის მომზადებას შეძლებთ.
ასეთთა შორისაა ქაცვისა და არყის ნაყენი, რომლის ზომიერად მიღებაც აღკვეთს ავიტამინოზს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აქრობს ანთებით პროცესებს.
ნაყენის მოსამზადებლად შეარჩიეთ მხოლოდ მსხვილი და სრულიად ჯანსაღი ნაყოფი. გულდასმით დაათვალიერეთ თითოეული კენკრა და მოაშორეთ დამპალი და ობიანი მარცვლები.
ინგრედიენტები
ქაცვის დარჩეული ნაყოფი — 3 ჭიქა (დაახლოებით 0,5 კგ);
შაქარი — 3 სუფრის კოვზი (75 გრამი), ან თაფლი — 150 გრამი;
არაყი — 0,5 ლიტრი.
მომზადების წესი
გარეცხილი კენკრა შაქართან (ან თაფლთან) ერთად ჩაყარეთ ქილაში და დაჭყლიტეთ ხის კოვზით;
დაასხით არაყი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ;
ქილა 20-25 დღით მოათავსეთ ბნელ ადგილზე — 18-25°C ტემპერატურაზე. შეანჯღრიეთ ნარევი ყოველ 3-4 დღეში, რომ შაქარი უკეთ გაიხსნას.
მზა ნაყენი გაწურეთ მარლისა და ბამბის რამდენიმე ფენიან ფილტრში, რათა სასმელი გამჭვირვალე გახდეს;
ჩაასხით ბოთლებში, მჭიდროდ დაახურეთ საცობები და შეინახეთ მაცივარში ან სარდაფში. ასეთ პირობებში ნაყენი 3 წლამდე ინახება.
დაიმახსოვრეთ: ქაცვისა და არყის ნაყენი არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების, პანკრეასის, ქოლელითიაზიისა და ქოლეცისტიტის დროს.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. კვების რაციონში ნებისმიერი ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
ყველა ახალი ამბავი
0