ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს გორში 17 ივნისს თავს დაესხნენ.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარაძემ, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდა. პროცესს დაესწრო ბრალდებულიც, ის დანაშაულს აღიარებს.
წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზურაბ ჯაფარიძეს თავს 17 ივნისს, შაბათს გორის მცხოვრები დაესხა თავს, ხოლო შემდეგ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა ახალგაზრდულ ბანაკში შეკრებილებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტისა" და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ იყო ორგანიზებული, ქვები დაუშინეს. ამავე მოძრაობის წევრებმა მომდევნო დღეს საპროტესტო აქცია მოაწყვეს ლიბერალური ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბის" წევრების კონფერენციასთან დაკავშირებით.

საქმის დეტალები

შაბათს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვინმე სოსო მაისურაძე, რომელმაც ამის შესახებ მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად განაცხადა. მისი თქმით, ჯაფარიძე „იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის". მან ასევე დაწერა, რომ არსად დამალვას არ აპირებს.
მაისურაძე პოლიციამ შაბათს, ღამით დააკავა.
კონსერვატიული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა ქვები, კვერცხები და საღებავები დაუშინეს ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე ბანაკს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტმა" გახსნა. მოძრაობის ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა ამ მოქმედებას ლიბერალური იდეოლოგიისგან ბავშვების დაცვა უწოდა.
რაც შეეხება „ფრანკლინის კლუბს", კვირას, 18 ივნისს მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს კლუბის მიერ ორგანიზებული კონფერენციის წინააღმდეგ.
„ფრანკლინის კლუბის" არსებობის შესახებ საქართველოში ბევრმა ამ წლის გაზაფხულზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლიდან შეიტყო. მან მარტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს „ფრანკლინის კლუბის" წევრები უწოდა, რომლებსაც „ტვინს ურეცხავენ".
კლუბი 2021 წლის ივლისში შეიქმნა. ის წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც კლასიკურ ლიბერალურ ფასეულობებს ავრცელებს. კლუბში სწავლება სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა.
კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას უწევს პროპაგანდას, რაც, მისი აზრით, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.
ყველა ახალი ამბავი
0