წყალდიდობები და საქართველო - ბოლო პერიოდში წვიმის გამო შვიდი ქალაქი დაზარალდა

© Emergency Management Serviceკახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2023
გამოწერა
უამინდობამ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში პრობლემები შექმნა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. დუშეთი, ახალქალაქი, გორი, ყვარელი, სიღნაღი, ლაგოდეხი, გურჯაანი – საქართველოს ის ქალაქებია, რომლებიც ბოლო პერიოდში უხვი ნალექის, სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო დაზარალდა, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.
კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგებს ებრძვიან – განსაკუთრებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში წყალდიდობამ და მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა მოსავალი, ქალაქის ინფრასტრუქტურა, ათობით მანქანა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. სეტყვისა და ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა გზები. ღვარცოფმა პრობლემები შექმნა ცენტრალურ ავტომაგისტრალზეც.

„ჩვენ ვრჩებით სტიქიის ზონაში, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. გასული თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მოგეხსენებათ, უხვი ნალექი მოდის მინიმუმ ორ დღეში ერთხელ. სტიქია გვქონდა დუშეთში, ახალქალაქში, გორში, ყვარელში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ამჯერად სტიქიას ვებრძვით გურჯაანში“, – განაცხადა კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ბეგიაშვილმა.

მისი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც უშუალოდ გურჯაანში, ისე მიმდებარე სოფლებში. საბაზისო ინფრასტრუქტურა – გაზი, წყალი, ელექტროენერგია 16 ივნისის საღამოსთვის სრულად იქნება აღდგენილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გურჯაანში სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილიდან მერიის შენობაში საგანგებო თათბირი ჩაატარეს და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ისინი დაზარალებულ რაიონებში შექმნილ ვითარებას პირადად გაეცნენ და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურადაა ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ქალაქის დასუფთავების სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი ტექნიკის მობილიზების თაობაზე, რათა დღის ბოლომდე სრულად მოხდეს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული უბნების დასუფთავება და კომუნიკაციების აღდგენა.
ყველა ახალი ამბავი
0