„იწყება ქართული კულტურის დიდი მოგზაურობა" - ღარიბაშვილი „ევროპალიის" გახსნაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
ფესტივალი „ევროპალია" წელს საქართველოს ეძღვნება.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოსა უძველესი ისტორია „ევროპალიაზე" წარმოდგენილია ათობით გამოფენითა და კონცერტით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში კულტურის ფესტივალის გახსნაზე.
კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). ფესტივალი წელს საქართველოს ეძღვნება.

„იწყება ქართული კულტურის დიდი მოგზაურობა ბელგიასა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წელს „ევროპალია" საქართველოს მიეძღვნება. საქართველოს უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა წარმოდგენილი იქნება ათეულობით გამოფენით, კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა თუ ლიტერატურული საღამოებით. ქართული კულტურა ასეთი ყოვლისმომცველი მასშტაბით ჯერ არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი საზღვარგარეთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეს საქართველოს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გააცნოს ბრიუსელსა და ბელგიის სხვა ქალაქებს, ასევე სხვა ქვეყნებს ერთ-ერთი უძველესი ისტორია და კულტურა.
მთავრობის მეთაურმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხდა. ასევე მან სტუმრებს ქართული ღვინის შესახებ უამბო.

„საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება. საქართველოს ტერიტორიაზე რვა ათასი წლის ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი კვალი აღმოაჩინეს. ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღონისძიება გაიხსნა კონცერტით, რომელზეც ქართული წამყვანი ფოლკლორული ანსამბლები, პიანისტები და საოპერო შემსრულებლები გამოვიდნენ. სცენიდან ისმოდა ქართული მრავალხმიანობა.
ფესტივალი „ევროპალია" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია თავისი მასშტაბურობითა და პროგრამების ხანგრძლივობით, ასევე პოპულარობით. ფესტივალის ღონისძიებებს, ჩვეულებრივ, მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს.
ფესტივალის ღონისძიებები ტარდება მონაწილე სახელმწიფოს მეთაურისა და ბელგიის მეფის პატრონაჟით, რომელთა თანდასწრებითაც მიმდინარეობს დღესასწაულის გახსნის ცერემონია. ცალკეული გამოფენები და კონცერტები ტარდება მეზობელი ქვეყნების – ნიდერლანდის, საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და გერმანიის ქალაქებში.
ყველა ახალი ამბავი
0