ვინ დგას ბრიუსელში საქართველოს პრემიერის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის უკან?

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს გამართული საპროტესტო აქცია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ბრიუსელში პრემიერს რამდენიმე ადამიანი დახვდა შეძახილებით „მონებო", „საქართველო ევროპაა". გავრცელებულ კადრებში ისმის უცენზურო მიმართვებიც. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პრემიერთან მიახლოება სცადა, თუმცა პირადმა დაცვამ მას ხელი შეუშალა. ბელგიის პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე ემზარ კვარაცხელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

„რაც შეეხება ბრიუსელში გამართულ აქციას, აქაც აღმოჩნდა ერთ-ერთი „ნაციონალი", ლგბტ-აქტივისტი, რომელიც აქაც აქტიურობდა, შემდეგ იქ წავიდა და იქაც აქტიურობს. რეალურად ეს ყველაფერი არის ორგანიზებული პარტიული აქციები“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავს აქციებს აფინანსებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, დაამატა პოლიტიკოსმა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. ამასთან, ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC ამტკიცებს, რომ კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან.

„სამი, ზოგჯერ ორი, შვიდი ან შეიძლება 20 კაცისგან შემდგარი ასეთი უბრალო აქციები ფინანსდება კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული „შავი ფულით“, მაგრამ ეს ყველაფერი პარტიული კოორდინაციაა. ამას ვერავინ უწოდებს სტუდენტების ან შშმ პირების, ვერც ემიგრანტების აქციებს, რადგანაც ეს არის სისხლის ფულით ორგანიზებული აქციები“, – აღნიშნა კობახიძემ.

ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Georgia-ს მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც, მედიის ცნობით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს ინტერესებს ლობირებს.
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრიუსელში ვიზიტს, იგი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი 12 პირობის შესრულების საკითხზე ევროკომისიის შეფასების წინ შედგა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის ბელგიელ კოლეგა ალექსანდერ დე კროოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან.
ღარიბაშვილმა ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართა - ვიზიტის შედეგები>>>
ბრიუსელში ღარიბაშვილის ყველა შეხვედრისა და მოლაპარაკების მთავარი თემა სწორედ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას ეხებოდა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0