„ქართული ოცნება" - საქართველოს არ სჭირდება არახამიას ჭკუის სწავლება

© photo: Sputnik / Alexander Kryajevდავით არახამია
დავით არახამია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
უკრაინელმა პოლიტიკოსმა დავით არახამიამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ჭკუის სწავლება და სუბიექტური მოსაზრებები, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა სოციალურ ქსელში უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით.
არახამიამ კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთელ მსოფლიოშია გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც „დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის“. არახამიას თქმით, ცნობილია, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივი ინახება და „კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“. თუმცა პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არ არის.

„არახამია არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და მთელ უკრაინას. მისი ცალკეული შეფასებები, სუბიექტური მოსაზრებები ყველასთვის ცნობილია და მისი ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს", – განაცხადა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან.

საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველი ხალხი არის ამაყი, დიდი ისტორიის მქონე, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ არახამიას, რომელიც ეთნიკურად ქართველია და არ იცის მშობლიური ენა, შეეძლო თავისი აზრი ქართულად გამოეთქვა.
„არახამია, სანამ საქართველოს და მის ხელისუფლებას რაიმეს ურჩევს და მტკიცებით ფორმაში ჭკუას დაგვარიგებს, იქნებ ეს გვითხრას ქართულად?" – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, საქართველოს უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს.
კობახიძე: არახამიას მოწოდება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაა>>>
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულეს.
ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
არახამია და საქართველოს ხელისუფლება
არახამიამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება. მაისში ქართულ ოპოზიციურ „მთავარ არხთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი პირიქით მოქმედებს და რუსეთს უახლოვდება.
დავით არახამია თავის განცხადებებში არაერთხელ შეეხო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თემას.
კერძოდ, მან აშშ-ის და ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა სანქციების დაწესების თხოვნით ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა.
გარდა ამისა, არახამია პერიოდულად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ, მისი ინფორმაციით, რუსული კომპანიები ქართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. თუმცა, არცერთი ასეთი ბრალდება არ დადასტურდა.
მმართველმა პარტიამ არახამიას განცხადებებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოში „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივის იდენტურია. რადიკალურ ოპოზიციად მმართველ პარტიაში მოიაზრებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
ყველა ახალი ამბავი
0