ბურჯანაძე: საქართველოს ზაფხულში უამრავი ტურისტი ეწვევა

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს გასული წლების რეკორდი მოიხსნება.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. 2023 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში წინა წლებთან შედარებით საუკეთესო იქნება - ქვეყანას უამრავი ტურისტი ეწვევა. ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
გასული წელი ძალიან წარმატებული იყო ქართული ტურიზმისთვის. 2022 წელს ქვეყანას 3,6 მილიონი ტურისტი ეწვია – 131,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. საქართველომ 2019 წლის (პანდემიამდელი) რეკორდული მაჩვენებლები 71,9%-ით აღადგინა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.
„საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი ყოველთვის ს დაახლოებით 2-2,5 თვეა, ივლისის 15-დან სექტემბრის 15 რიცხვამდე. წელს მოლოდინი ძალიან დიდია იმისა, რომ საქართველოს უამრავი ტურისტი ეწვევა და, შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი სხვა წლებთან შედარებით საუკეთესო წელი იქნება“, - ამის შესახებ ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, დღეს თბილისთან შედარებით უფრო მეტად დატვირთულია აჭარის რეგიონი, სადაც ტურისტები არაბეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან ჭარბობენ. ამასთან სასტუმროები ჯერ-ჯერობით მთლიანად გადავსებული არაა, მაგრამ რესტორატორმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმროები გაივსება.
ამასთან ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა სერვისებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რაც კვლავ დიდი გამოწვევაა აჭარაში ტურისტების მასობრივი შემოდინების დროს.
ასევე არ არის გადაჭრილი კადრების დეფიციტის პრობლემა, რაც მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მოგვარდეს, აღნიშნა მან.
„ეს საკითხი თბილისში უფრო მწვავედ პრობლემატური ამ წელსაც იქნება, რადგან ხშირად სამუშაო ძალის კურორტულ ზონებში მიგრაცია ხდება, თბილისს მუშახელი აკლდება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებითაა განპირობებული.
ერთ-ერთი ასეთი ობიექტური მიზეზია ამინდი. „დღემდე ამინდები ტურისტულ სეზონს ხელს არ უწყობს“, - განაცხადა მან.
მეორე მიზეზი, რომელიც უარყოფითად აისახება ტურიზმზე - ეს არისრუსულ-უკრაინული კონფლიქტი, რომელიც უფრო გრძელვადიან ომად განიხილება, ვიდრე მოკლევადიანად და ნეგატიურად მოქმედებს ტურისტულ განწყობაზე, განმარტა ექსპეტმა.
და მესამე მიზეზი, რომელიც შავ ზღვაზე ტურისტების რაოდენობაზე შეიძლება აისახოს, არის ხერსონის ოლქში კახოვკის ჰესის აფეთქება, რომელიც 6 ივნისს მოხდა.
„შესაძლოა, ამ ფაქტმა შავ ზღვაზე დამსვენებლების რაოდენობაზე იმოქმედოს, შესაძლოა, დამაბრკოლებელი იყოს. ეს შეიძლება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
რესტორატორმა აღნისნა ის ფაქტიც, რომ ტურისტების შემოდინების ფონზე სარესტორნო ბიზნესის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფასები, რაც მასობრივად არ უნდა მოხდეს. ბიზნესი საკითხს უფრო წინდახედულად უნდა მიუდგეს, ამტკიცებს ექსპერტი.
2022 წელს რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში - 21,25%. 2019 წლის ივნისში პირდაპირი ფრენების გაუქმებამდე, რუსეთის მოქალაქეების წილი საქართველოში ჩამოსულთა შორის 15-17% იყო.
ტურისტული სეზონის წინ ვიზების გაუქმებისა და ფრენების გახსნის შედეგად საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, შესაძლოა, პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს.
საქართველომ 2019 წელს ტურისტების რაოდენობით რეკორდი მოხსნა. მაშინ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას. 2020 წლის შედეგებით, დარგის შემოსავლები უკიდურესად დაბალ დონეზე დაეცა - 427,7 მლნ დოლარი, მაშინ როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 1,7 მლნ ადამიანი შეადგინა.
2022 წელს უკვე რეკორდული იყო შემოსავლები ტურიზმიდან – საქართველოს შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე.
ზოგადად, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.
წყარო - მედიაჰოლდინგ „კვირა“
ყველა ახალი ამბავი
0