ბიზნეს-ასოციაცია: საქართველოში საქმიანი კლიმატი გაუმჯობესდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
2023 წლის მეორე კვარტალში საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი ყველა დარგში დადებითია.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი საქართველოში 2023 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა – ოპტიმისტური მოლოდინებისა და ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითი შეფასების წყალობით, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და ის ქვეყნის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას აერთიანებს, მათ შორის – ბანკებს, ავტოგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებს.
ასოციაციის წევრი კომპანიები გამოკითხვაში მიმდინარე წლის 15–28 მაისს მონაწილეობდნენ.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

2023 წლის II კვარტალში საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი ყველა დარგისთვის დადებითია. ეს მაჩვენებელი I კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორში, ხოლო მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროებში გაუარესდა.

არსებული მდგომარეობა ყველაზე პოზიტიურად სამშენებლო სექტორმა შეაფასა. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გაყიდვების ზრდას სექტორში (სამშენებლო სექტორის კომპანიების 72,7%-მა 2023 წლის მეორე კვარტალში გაყიდვების ზრდა დააფიქსირა).
რაც შეეხება უახლოეს ექვს თვეში ბიზნესის მოლოდინებს, 2023 წლის II კვარტალში ის ყველა სექტორისთვის დადებითია. ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინები სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა, ხოლო გაუარესებას მომსახურების სფეროში ელოდებიან.
მოსახლეობის დასაქმება
BAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 38% ამბობს, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება, ხოლო შტატების შემცირებაზე მხოლოდ 5% საუბრობს. კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 51% ვარაუდობს, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომდევნო კვარტალში პერსონალის შემცირებას 2% გეგმავს. კომპანიების 48% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
დასაქმების კუთხით ყველაზე უარყოფითი მოლოდინები მომსახურების სექტორში ფიქსირდება: გამოკითხული კომპანიების 7% თანამშრომლების გათავისუფლებას ვარაუდობს.
რა უშლის ხელს ბიზნესს
კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 7%-ით და 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 13%-ით შემცირდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებობს მათი საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები.
2023 წლის მეორე კვარტალში დასახელდა ბიზნესის შემაფერხებელი ხუთი ძირითადი მიზეზი:
სპეციალისტების ნაკლებობა
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები
სამუშაო ძალის დეფიციტი
შეზღუდული ფინანსური რესურსები.
ხელმისაწვდომობა ფინანსებზე
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 43%-მა (3%-ით ნაკლები, ვიდრე წინა კვარტალში) სცადა დაფინანსების მოძიება; მათგან 34%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.
ამასთან, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.
ლარის კურსი
2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც უახლოეს ნახევარ წელიწადში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას ელოდებიან, მნიშვნელოვნად გაიზარდა (25%-მდე).
ამასთან, კომპანიების 52% უახლოეს ექვს თვეში ლარის კურსის ცვლილებას არ ელოდება. წინა კვარტალში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 63% ემხრობოდა.
კომპანიების 22% ეროვნული ვალუტის გამყარებას ელოდება.
14 ივნისისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6057 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0