42-წლიანი პაუზის შემდეგ: „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში ქართველი მოხვდა

© AP Photo / Peter Dejongხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები France Football-ის ათეულში 1981 წლიდან არ მოხვედრილან.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ფრანგულმა გამოცემა France Football-მა, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს, ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟული ჯილდოს – „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა საბოლოო ათეულში შეიყვანა.
ქართველი ფეხბურთელები France Football-ის ათეულში 1981 წლიდან არ მოხვედრილან. მაშინ ათეულში მოხვდა თბილისის „დინამოს“ ორი ლეგენდა – თავდამსხმელი რამაზ შენგელია და გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე კი დასახელდა ლეგენდარული „ათიანი“ დავით ყიფიანი. მას შემდეგ 42 წელი გავიდა.
კვარაცხელიამ 2022/2023 სეზონზე „ნაპოლის“ შემადგენლობაში სულ 43 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 14 გოლი და 17 საგოლე გადაცემა. წლის შედეგების მიხედვით კვარა სერია А-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხვიჩა ასევე დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.
„ოქროს ბურთის“ ათი პრეტენდენტი:
1.
ერლინგ ჰოლანდი, „მანჩესტერ სიტი“
2.
ლიონელ მესი, „პსჟ“
3.
კევინ დე ბრუინი, „მანჩესტერ სიტი“
4.
ლაუტარო მარტინესი, „ინტერი“
5.
ჰულაინ ალვარესი, „მანჩესტერ სიტი“
6.
კილიან მბაპე, „პსჟ“
7.
ვინისიუს ჟუნიორი, „მადრიდის რეალი“
8.
იკაი გუნდოგანი, „მანჩესტერ სიტი“
9.
რობერტ ლევანდოვსკი, „ბარსელონა“
10.
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“.
კვარაცხელია ბოლო კვირაა საქართველოში იმყოფება და ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 ივნისს კვიპროსთან, 20 ივნისს კი შოტლანდიასთან ითამაშებს. ამის შემდეგ ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდება და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება. გასულ სეზონში ის საფრანგეთის ნაკრებისა და „მადრიდის რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0