თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის წესში ცვლილებები შედის

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღის აღსაზრდელი
საბავშვო ბაღის აღსაზრდელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
თბილისის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესში სიახლეა – იგი არა ორი, არამედ სამეტაპიანი იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
რეგისტრაციის პროცესს, რომელიც დაყოფილია პრიორიტეტულ სოციალურ ჯგუფებად, კიდევ ერთი კატეგორია დაემატა – ბაღის თანამშრომლების შვილები.

„ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს", – განაცხადა კალაძემ.

ამ დრომდე საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა შეეძლოთ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს (100.000-მდე ქულა);
ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვებს;
ბავშვებს, რომელთა და ან ძმა უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ან მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილებს (ოთხი და მეტი შვილი);
სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს.
მეორე ეტაპზე კი საყოველთაო რეგისტრაცია ხორციელდებოდა.
ახალი სააღმზრდელო წლიდან კი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების (საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილების ჩათვლით) წარმომადგენელი ბავშვები, მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ონლაინ-რეჟიმში ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.
აღნიშნული ცვლილებით მერიამ საკრებულოს მიმართა და მისი დამტკიცების შემთხვევაში რეგისტრაციის პროცესი ივლისში დაიწყება, განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. სექტემბერში თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ყველა ახალი ამბავი
0