მოსაზრება: საგანგაშო სიგნალი რუსეთისთვის - ნატოს რომელი ქვეყნები შევლენ უკრაინაში

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
რენატ აბდულინი
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ვარაუდობს, რომ სამხედრო ბლოკის ზოგიერთი ევროპელი წევრი ჯარებს გაგზავნის უკრაინაში. იმის შესახებ, თუ ვინ არის მზად, მხარი დაუჭიროს კიევს შეიარაღებული ძალებით, არის თუ არა საფრთხე რეალური და რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის — „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი წერს.

საგანგაშო გაფრთხილება

რასმუსენი, რომელიც ნატოს 2009 წლიდან 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა, იყო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს არაოფიციალური მრჩეველი, ზელენსკის დროს კი საკონსულტაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის ასევე ცნობილია იმით, რომ არაკომერციული ორგანიზაცია „დემოკრატიების ალიანსი“ დააარსა, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების მთელ მსოფლიოში გავრცელებას.
ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ახლახან დაასრულა ტური, რომელიც მოიცავდა ვაშინგტონსა და ევროპის რამდენიმე დედაქალაქს. მას სურდა გაერკვია, როგორ ემზადებიან ისინი ალიანსის ივლისის სამიტისთვის.
რასმუსენი დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინას უსაფრთხოებისა და ბლოკში გაწევრიანების რეალური გარანტიები უნდა მიეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია.
ალიანსში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯულიანა სმიტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ისინი „ბევრ ვარიანტს განიხილავენ ნატოსთან ურთიერთობაში უკრაინის ხელშეწყობისთვის“.
რასმუსენის თქმით, სამხედრო ბლოკის ზოგიერთმა წევრმა „შეიძლება ჯარი შეიყვანოს უკრაინის ტერიტორიაზე მისი შეიარაღებული ძალებისთვის უშუალო დახმარების აღმოსაჩენად“.

ვინ გამოესარჩლება კიევს

„არ გამოვრიცხავ, რომ ამ კონტექსტში პოლონეთმა გააძლიეროს აქტიურობა, რასაც ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მიბაძავენ ჯარების გაგზავნის სავარაუდო ვარიანტით. ვფიქრობ, პოლონელები სერიოზულად იფიქრებენ ასეთი კოალიციის შექმნაზე, თუ უკრაინა არაფერს მიიღებს ვილნიუსში", — თქვა რასმუსენმა.

მისი თქმით, კიევმა შესაძლოა თავად მიმართოს მის მიმართ სიმპათიით განწყობილ სახელმწიფოებს პირდაპირი სამხედრო დახმარებისთვის და ეს იქნება აბსოლუტურად კანონიერი.
უკრაინაში კი ჯერ არ სჯერათ, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. „შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე უცხო სახელმწიფოები არ გამოგზავნიან ჯარებს“, — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტელევიზიით, როდესაც რასმუსენის სიტყვებზე აკეთებდა კომენტარს.
შეერთებულმა შტატებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები ჯერ კიდევ გასულ წელს მისცა. ნატოს სხვა წევრები, როგორც ჩანს, მზად არიან იგივე გააკეთონ. G7-ის სამიტის ფარგლებში მაისში მიცემულ ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა მიაწოდოს უკრაინას თანამედროვე იარაღი საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც კი. ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარანტიების შესახებ ოფიციალური კომუნიკე გაავრცელა.
რასმუსენის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გარანტია იყოს წერილობითი და კიევს ნატოს სამიტამდე გადაეცეს. თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის. უკრაინის მომავალი ჯერ კიდევ განსახილველია.
„მე ვესაუბრე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ლიდერს. მათ სურთ უკრაინის ნატოში შესვლის მკაფიო საგზაო რუკა“, — თქვა რასმუსენმა.
მაშინაც კი, თუ ვილნიუსში ოფიციალური წინადადების გაკეთება არ მოხერხდება, შეიძლება დაპირება მაინც გაიცეს მომავალი წლისთვის (როდესაც სამიტი ვაშინგტონში გაიმართება). ყოფილმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ კიევს სჭირდება გამარტივებული პროცედურა, როგორც შვედეთსა და ფინეთს. სკანდინავიელები გადაურჩნენ შუალედურ ეტაპს, როგორიცაა „ინდივიდუალური გეგმის" შემუშავება.

„უფრო ნაკლები დიდად გაუცრუვებს იმედებს უკრაინელებს", — აღნიშნა დანიელმა პოლიტიკოსმა.

პირდაპირი შეჯახება

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებები უკრაინაში ევროპული ჯარების შესაძლო შესვლის შესახებ რუსეთისთვის საგანგაშო სიგნალია.
„რასმუსენის მიერ გამოთქმული პერსპექტივა ნიშნავს პირდაპირ კონფლიქტს ნატოსთან. მას მშვენივრად ესმის, რა რეაქცია მოჰყვება მის სიტყვებს. ეს არის მორიგი პროვოკაცია. მიზანი ნიადაგის მოსინჯვაა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ხდებოდა მცირე ნაბიჯები უფრო და უფრო სერიოზული: დაიწყო რაციებისა და ჯავშანჟილეტების მიწოდებით, დასრულდა ტანკებითა და თვითმფრინავებით“, — ამბობს სამხედრო ექსპერტი პაველ კალმიკოვი.
IMEMO RAS-ის ევროპული კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი ვლადიმერ ოლენჩენკო სხვა გარემოებებზეც მიუთითებს.

„აშკარაა, რომ რასმუსენი შეერთებული შტატების თვალსაზრისს ავრცელებს. ვაშინგტონი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული უკრაინის ნატოსთან დაახლოებით და, შესაბამისად, საომარი მოქმედებების დროს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით. ასეთია ამერიკელების სტრატეგია. ისინი ცდილობენ გააერთიანონ დასავლელი მოკავშირეები“, — ამტკიცებს ექსპერტი.

ლოგიკა მარტივია: თუ ევროპელებს არ სურთ რუსეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტი, ჯობს ახლავე დაეხმარონ კიევს.
რაც შეეხება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ოლენჩენკო დარწმუნებულია, რომ ეს ამერიკული გავლენის ინსტრუმენტებია. და თუ საუბარი ჯარების შეყვანას შეეხება, ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მითითებებსაც მიიღებენ.

„მოსკოვისთვის ეს მიუღებელია. ვფიქრობ, დასავლეთისთვისაც. ეს სხვა არაფერია, თუ არა პრაქტიკული ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ“, — დარწმუნებულია პოლიტოლოგი.

მისი თქმით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები არ არიან მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტები, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შეუძლიათ ისე „გაუშვან ხარჯში“ ისინი, როგორც ეს ახლა ხდება უკრაინის შემთხვევაში. და თუ ეს მოხდება, ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხიც სერიოზულად დადგება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0