„პასუხი არ არსებობს" - რატომ არ მიანიჭეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

© Government of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
ევროსტრუქტურების წარმომადგენელთა პასუხები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე უართან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე უარი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ობიექტური პასუხი რეალურ მიზეზზე არ არსებობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.

„ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი. სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს", – განაცხადა პაპუაშვილმა.

პირიქით, არის ევროკომისიის პასუხი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ობიექტური კრიტერიუმებით და დამსახურების პრინციპით რომ მიეღოთ, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მოეცათ.

„როდესაც დედაქალაქებში და ევროპულ ინსტიტუციებში ვკითხულობთ, რამ განაპირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი, პასუხი სხვადასხვაა. ეს პასუხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ეს აჩვენებს, რომ ამ თემაზე ობიექტური პასუხი არ არსებობს. იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და რთულია თქვა, რას დაეფუძნა", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ყველა ახალი ამბავი
0