ნუ უგულებელყოფთ სკოლის შიშს - ის თავისით არ გაივლის: მიზეზები და სიმპტომები
17:22 08.06.2023 (განახლებულია: 22:14 08.06.2023)
© Pexels / Antoni Shkrabaმოსწავლე ბიჭუნა მერხთან
© Pexels / Antoni Shkraba
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს კვირა დღის მეორე ნახევარში თავი ან მუცელი სტკივდება, ხოლო ორშაბათის დილით, სკოლაში წასვლის წინ სიცხე უწევს ან გულისრევა ეწყება, უნდა იცოდეთ, რომ ბავშვს სკოლის ფობია აქვს, აცხადებენ ფსიქოლოგები.
სკოლის შიში — ეს არის ნევროზული მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ ხშირია ბავშვებში და სიტუაციური ხასიათი აქვს. სხვა სიტუაციური ფობიების მსგავსად, მისი მიზეზები უკავშირდება არა იმდენად კონკრეტულ ადგილს (ამ შემთხვევაში, სკოლას), რამდენადაც ამ ადგილებში წარმოქმნილ სიტუაციებს.
მშობლებს შესაძლოა ეგონოთ, რომ ბავშვს დაფასთან გაძახების ან ტესტის ეშინია და ამიტომ არ უნდა სკოლაში წასვლა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ სინამდვილეში მას თანაკლასელების ან მასწავლებლების დამოკიდებულება აფრთხობდეს.
დაიმახსოვრეთ: სკოლის შიში უმეტესწილად არანაირად არ უკავშირდება სწავლის სირთულეებს!
სკოლის შიში თვალთმაქცობა არ არის
სკოლის ფობიის მქონე ბავშვი რეალურად განიცდის სომატურ დისკომფორტს და თავს მართლა გრძნობს ცუდად. ანუ, თუ ის მუცლის ან თავის ტკივილს უჩივის, ე.ი. ნამდვილად გრძნობს ამ ტკივილს.
ასეთ დროს საქმე გვაქვს ორგანიზმის დამცავ მექანიზმთან, რომელიც ცდილობს საფრთხისგან, ამ შემთხვევაში — სკოლაში წასვლისგან დაიცვას თავი. დიახ, სომატური დისკომფორტი მოწოდებულია, დაიცვას ორგანიზმი სახიფათო ადგილზე მოხვედრისგან.
სკოლის შიშის გამოვლინებები
სპეციალისტებმა დაასახელეს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც მშობლებს სკოლის შიშის ამოცნობაში დაეხმარება.
მათი თქმით, სასკოლო ფობიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
თავის ტკივილი;
მუცლის ტკივილი;
სპაზმები მუცელში და ღებინება;
კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი დიარეის სახით;
ცხელება ან სუბფებრილური ტემპერატურა;
გულისცემის აჩქარება;
გულისცემის შენელება, რამაც შესაძლოა გონების დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
სიმპტომები ჩნდება კვირა საღამოს და გრძელდება პარასკევამდე — სასწავლო კვირის ბოლო დღემდე. უჩინარება იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი სკოლაში არ დადის — შაბათ-კვირას, უქმეებზე, დღესასწაულებზე, არდადეგებზე.
სკოლის შიშის მიზეზები
სკოლასთან დაკავშირებულ ნევროზულ განცდებს შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა სიტუაცია:
როცა ბავშვს სკოლაში თავს ესხმიან, აშინებენ და ავიწროებენ — თანაკლასელები, მასწავლებლები თუ სხვები;
როცა ბავშვი პერფექციონიზმისკენაა მიდრეკილი, მაგრამ ვერ ამართლებს იმ მოლოდინებს, რომლებიც თავადვე დააკისრა საკუთარ თავს;
როცა მშობლები ძალიან ბევრს ითხოვენ შვილისგან — ამ დროს ბავშვს ეშინია, რომ მათ მოლოდინებს ვერ ამართლებს;
როცა ბავშვს გარკვეული ფიზიკური პრობლემები აქვს, რომლებიც სხვებისგან გამოარჩევს — ამის გამო შესაძლოა ის თანატოლთა დაცინვის ობიექტი ხდებოდეს.
ამასთან სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ სიტუაციებში ზოგ ბავშვს საერთოდ არ უვითარდება სკოლის შიში, და ამას ბავშვის პიროვნული სტრუქტურა და ოჯახური მდგომარეობა განაპირობებს.
მათი თქმით, მორცხვი, მორიდებული და მშიშარა ბავშვი, რომელსაც დამოუკიდებლობის საშუალებას არ აძლევენ, უფრო მძაფრად შეიგრძნობს ორგანიზმის ნევროზულ რეაქციებს საფრთხეებზე.
იგივე ითქმის იმ ბავშვზეც, რომლის სახლშიც დაძაბული ატმოსფეროა — მშობლებს შორის, ან მას და მშობლებს შორის, ვერ გრძნობს ოჯახის მხარდაჭერას და ვერავის უზიარებს პრობლემებს, რადგან მისი „სატკივარი“ უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და ბავშვს თავის პრობლემებთან პირისპირ ტოვებენ.
სპეციალისტები კატეგორიულად აფრთხილებენ მშობლებს:
თუ შვილს სკოლის შიში შენიშნეთ, ნუ დაელოდებით მის თავისით გავლას!
არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ პრობლემა ან, რაც ყველაზე უარესია, უყვიროთ ბავშვს!
იცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო და აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.