მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველი აირჩიეს

© Georgian National Academy of Sciencesროინ მეტრეველი
როინ მეტრეველი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
როინ მეტრეველს 2013 წლიდან აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გახდა, ნათქვამია მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეკრება გაიმართა, რომელზეც 83 წლის როინ მეტრეველი პრეზიდენტად აირჩიეს.
როინ მეტრეველი 1991-2004 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1993 წელს გახდა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
პროფესორ როინ მეტრეველის სახელს უკავშირდება ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. მეტრეველი 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომის ავტორია, მისი რედაქტორობით ასამდე წიგნი და ნაშრომია გამოცემული.
გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისა, მეტრეველი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. 1960-1972 წლებში იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1990-1991 წლებში – პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
ჯერ კიდევ 1907 წელს საქართველოში შეიქმნა საზოგადოება, რომელშიც გაერთიანდნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით. სწორედ მათ მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთვის.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 1941 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პროფესორების მიერ დაარსდა. მათ შორის იყვნენ აკადემიკოსები გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ჯანაშია, კორნელი კეკელიძე და სხვები.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად ნიკოლოზ მუსხელიშვილი აირჩიეს, რომელიც ამ თანამდებობას 30 წლის განმავლობაში იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0