მეტყველი სიმბოლიკა: როგორ გააპროტესტეს მეზობლებმა საქართველოს პირველი გერბი

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
ნოდარ დუმბაძე წერდა, ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყნად ანბანი, დროშა და ჰიმნია, რადგან სამივე თავისუფლების სათავეაო.
უფრო მეტიც, გერბი, დროშა და ჰიმნი — სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტები, ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომლებზეც შეძლებისდაგვარად არის წარმოჩენილი ამა თუ იმ სახელმწიფოს მკვიდრთა ტრადიციები, ხასიათი თუ ისტორია.
სწორედ ამიტომაც უდგებიან სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის შექმნას მსოფლიოს ქვეყნები სერიოზულად და მიღებულ ვარიანტებს თითქმის არასდროს ცვლიან.

გამორჩეული ჰიმნები

ყველაზე ძველი და ამავდროულად ყველაზე მოკლე ჰიმნი იაპონიას აქვს — ის IX საუკუნეში შეიქმნა და მხოლოდ ერთი სტროფისგან შედგება.
ტექსტის სიდიდით გამორჩეული იყო საბერძნეთის ჰიმნი, რომელიც 1823 წელს დაწერა დიონისოს სოლმოსმა და 158 სტროფს შეიცავდა. ბერძნებმა „ძნელი“ ჰიმნი შეამცირეს და 1865 წლიდან მხოლოდ პირველ ორ სტროფს იყენებენ.
ესპანელთა ბატონობისგან თავდახსნილი არგენტინის ჰიმნისთვის მუსიკის დაწერა ქვეყანაში მცხოვრებ ესპანელ კომპოზიტორ ბლაზ პარერას დაევალა 1813 წელს. მაგრამ იმის გამო, რომ ესპანელები ტექსტში აუგად იყვნენ მოხსენიებული, კომპოზიტორმა კატეგორიული უარი განაცხადა მუსიკის შექმნაზე.
მაშინ არგენტინის ხელისუფლებამ ბლაზ პარერა დააკავა და მძიმე დანაშაულის ბრალდებით ციხეში გაუშვა. მერე „დანაშაული“ კიდევ უფრო დაუმძიმეს და კომპოზიტორი საშინელი არჩევანის წინაშე დააყენეს — ან ჰიმნისთვის მუსიკის დაწერა, ან სიკვდილით დასჯა... ასე შეიქმნა არგენტინის ეროვნული ჰიმნის მუსიკა — ძალადობრივად და თანაც ციხეში.

გერბი და ალამი

სიტყვა „გერბი“ პოლონურია (herb) და მემკვიდრეობას ნიშნავს. გერბი — ეს არის ემბლემა, მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურებითა და საგნებით, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ და მფლობელი ქვეყნის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავს.
გერბში თითოეულ ფიგურას, ფერს, თითოეულ ხაზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის გამო იყო, რომ გერბზე განხორციელებული ცვლილებები სერიოზულ კონფლიქტებს იწვევდა სახელმწიფოთა შორის.
© National Library of Georgiaსაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაპირველი გერბის ესკიზი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაპირველი გერბის ესკიზი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაპირველი გერბის ესკიზი
მაგალითად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის ესკიზი გამოდგება, რომელიც 1918 წელს მიიღეს. მასზე შვიდი მნათობი კიაფობდა. ეს სომხებმა საქართველოს მეფეთა ტიტულატურის გამოძახილად მიიჩნიეს, რომელიც ასე ჟღერდა:

„მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელი“.

სამწუხაროდ, მაშინდელი სომხეთის რესპუბლიკის მესვეურები ვერაფრით დაარწმუნეს იმაში, რომ ეს ასე არ იყო, და ვითარება ფრიად დაიძაბა.
მეტიც, მოგვიანებით ჩვენს მეზობლებს აქეთ გაუჩნდათ პრეტენზიები ქართულ მიწებზე, რამაც სომხეთი და საქართველო საბოლოო ჯამში ხანმოკლე, თუმცა სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანა.
აი თავად საბჭოთა სომხეთის გერბმა კი კინაღამ ერთმანეთს დააჯახა ქემალისტური თურქეთი და საბჭოთა კავშირი. საქმე კი ასე იყო: 1936 წელს ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა დაიშალა და მის ბაზაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტიური რესპუბლიკები გაჩნდა. საბჭოთა სომხეთმა გერბზე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული არარატის მთა დაიტანა. თუქეთის ელჩმა საპროტესტო ნოტა აახლა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სომხეთის გერბის შეცვლა მოითხოვა. სტალინის პასუხი ამაზე ლაკონური იყო:

„თურქეთის დროშაზეც არის ვარსკვლავი და ნახევარმთვარე, რომელიც მხოლოდ თურქეთის საკუთრებას არ წარმოადგენს“.

და არარატზე დავაც ამით დასრულდა.
გერბის გამო სასტიკი ომი მოხდა ინგლისსა და საფრანგეთს შორისაც. 1337 წელს ინგლისის მეფე ედუარდ მესამემ თავის გერბში საფრანგეთის ემბლემა შროშანი შეიტანა, რაც გახდა კიდეც ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დაწყების საბაბი.
ომი საბოლოოდ ინგლისის დამარცხებით დასრულდა, თუმცა შროშანები ქვეყნის გერბში 1801 წლამდე შენარჩუნდა.

არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ სახელმწიფო ატრიბუტიკით ადვილად ვიგებთ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ თუ ეთნოგრაფიულ თავისებურებებს, გვექმნება გარკვეული წარმოდგენა ფლორასა და ფაუნაზე. მაგალითად:
პერუს ეროვნულ გერბზე გამოსახულია ლამების ოჯახის წარმომადგენელი ვიკუნია;
ავსტრალიის გერბს კენგურუ, კოალა და იხვნისკარტა ამშვენებს;
კალიფორნიის შტატის გერბზე დათვი გრიზლია გამოსახული;
ლიბანის სახელმწიფოს გერბზე ლიბანური კედარია დატანილი;
მექსიკის სახელმწიფო გერბზე კაქტუსზე მჯდარი არწივია გამოსახული, რომელსაც ნისკარტით გველი უჭირავს;
რუსებმა კი ბიზანტიური ორთავიანი არწივი უცვლელად გადმოიტანეს თავიანთ გერბზე, ვინაიდან ქვეყანას ჰქონდა პრეტენზია, წოდებულიყო ბიზანტიის მემკვიდრედ, რომელსაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებზე ეჭირა თვალი;
მიანმარის (ბირმის) გერბს ქოლგა ამშვენებს, ვინაიდან მათი მეფე „დიდი ქოლგის მფლობელის“ ტიტულს ატარებდა;
საბერძნეთის გერბის შექმნელებმა კი მითოლოგიას მიმართეს და გერბზე ჰერაკლე გამოსახეს...
არანაკლებ საინტერესოა გერბებზე დატანილი დევიზები. მაგალითად:
ხორვატიის გერბს ამშვენებს დევიზი „ქრისტიანობის ფორპოსტი“;
შვეიცარიისას — დიუმასეული „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“;
ბანგლადეშისას — ყველაზე გრძელი დევიზი: „ნაციონალიზმი, სეკულარიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“;
ლაოსის გერბი ასევე უხვსიტყვიანია: „მშვიდობა, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, ერთიანობა და კეთილდღეობა“;
სამაგიეროდ ბოტსვანის ორზებრიან გერბს ერთადერთი სიტყვა აწერია: „წვიმა“.
სახელმწიფო სიმბოლიკას რომ უძველესი დროიდან ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას, ამაზე მეტყველებს 1972 წელს ირანის ქალაქ ჰაბლოსში აღმოჩენილი რკინის დროშა, რომელიც ქრისტეშობამდე 3000 წელს განეკუთვნება და რომელზეც არწივი და ლომებია გამოსახული.
აღსანიშნავია, რომ იაპონია დღემდე ინარჩუნებს ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში შექმნილ დროშას და ის ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.
რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელ სახელმწიფო დროშას, ის ხაზს უსვამს ქვეყნის ქრისტიანობას და მასზე გამოსახული ხუთი ჯვრის სიმბოლიკა მაცხოვრისთვის მიყენებულ ხუთ მომაკვდინებელ ჭრილობასთან ასოცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0