რას ვსვამთ: წყლის ხარისხთან დაკავშირებით სემეკი განცხადებას ავრცელებს

ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
გამოწერა
სემეკი მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას, არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ მიწოდებული სასმელი წყალი უხარისხოა.

„სემეკი ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სემეკი მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას, არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას.
„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ხდება როგორც წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე), ასევე წყალსადენის მაგისტრალებზე – 404 წერტილში. სასმელი წყლის დაბინძურება არცერთ წერტილში არ ფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სააგენტოს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ნომერზე: 1501
მანამდე უხარისხო წყალთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ასევე უარყო წყალგამანაწილებელმა კომპანია GWP-მ და განაცხადა, რომ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.
„სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრორეგულაციებს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლის ნიმუშების აღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ GWP-ს ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ასევე ხორციელდება ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში“, – განაცხადეს კომპანიაში.
წყარო - სემეკი
ყველა ახალი ამბავი
0