იარაღის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცებულია: რას ითვალისწინებს პროექტი

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი „იარაღის შესახებ“ კანონში.
აღნიშნული ცვლილებები, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირებასა და პრევენციას ისახავს მიზნად.
მიღებული ცვლილების თანახმად, იარაღის სახეებად დაყოფის კრიტერიუმი მისი საერთო სიგრძე იქნება მოკლე იარაღად მიჩნეულია პისტოლეტი, რევოლვერი ან იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება.
გარდა ამისა, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებული იქნება, კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წარადგინის იარაღი მომსახურების სააგენტოში ბალისტიკური შემოწმების მიზნით. კანონის თანახმად, ეს პირები თავისუფლდებიან ბალისტიკური შემოწმების საფასურის გადახდისა და შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისგან.
ცვლილებების მიხედვით, პოლიციელს ექნება უფლება, რეგისტრირებული იარაღების არსებობა პირის საცხოვრებელ ადგილზე შეამოწმოს მისივე თანხმობით, თუმცა არაუმეტეს წელიწადში 4-ჯერ. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ ეთანახმება იარაღების მის საცხოვრებელში შემოწმებას, უნდა შედგეს ოქმი, რის შემდეგაც პირი ვალდებული იქნება, იარაღი მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში თავად წარადგინოს პოლიციაში.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრეს ენიჭება უფლება, ყოველგვარი ნებართვისა და დროებითი მოწმობის გარეშე გადაიტანოს ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300-მდე ვაზნა (ნაცვლად 50 ვაზნისა).
გარდა ამისა, იარაღის ბრუნვის კონტროლის ეფექტიანობის მიზნით განისაზღვრა იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ, სამართალდარღვევად განისაზღვრება:
ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა და დაკარგვის შეუტყობინებლობა;
პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო იარაღის წარდგენაზე უარი;
სანადირო თოფისა და გაზის იარაღის ბრუნვის წესების დარღვევა (უნებართვო შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება).
კანონი 2023 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0