გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა

© Tbilisi City Hallგელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა
გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა  - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გამოწერა
გზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა სამუშაოების დროს მეწყერსაშიში ზონების გაჩენის გამო პრობლემები შეიქმნა.
თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ეს გზა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია დედაქალაქში. მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა სამუშაოების დროს ამ ტერიტორიაზე მეწყერსაშიში ზონების გაჩენის გამო პრობლემები შეიქმნა და ამიტომ მისი დასრულების თარიღი გადაიდო.
უწყების ცნობით, ახლადაშენებული ორკილომეტრიანი მონაკვეთი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა.
როგორც მერმა განაცხადა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რათა აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო და ყველანაირად გამართული ყოფილიყო.
„ყველა ეს ზონა დამუშავებულია. პრევენციული ღონისძიებები გერმანელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა. გარდა ამისა, მოეწყო კუნძულები, რომლებიც არის გამწვანებული თავისი განათებებით. ასევე გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ფერდების დამცავი ბადეები გაკეთდა, რათა ყველანაირად უსაფრთხო და დაცული იყოს ქვათაცვენისგან. ეს ოთხზოლიანი, ბეტონის გზა დღეიდან მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მაჭავარიანის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი. ასევე საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა.
მერიის ცნობით, ფერდის გასამაგრებლად, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, 11 ლოკაციაზე მოეწყო ფერდის დამცავი ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, განხორციელდა ფერდების ფორმირება და დატერასება.
© Tbilisi City Hallგელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა
Дорога соединяющая проспект Геловани с улицей Мачавариани открылась в столице Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2023
გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა
ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, გზის შუა გამყოფი ზოლი, გამწვანებული კუნძულები და სარწყავი სისტემა მოეწყო; 2.800 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი და დაირგო 700-მდე ნერგი, 1.300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიყარა მულჩის საფარი.
უწყების ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყო, რომელიც ადაპტირდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტით.
პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
ახალი გზის მეშვეობით ლისის ტბის უბანი „ვეფხვისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. გზა გადაუდებელი დახმარების ცენტრთან („112“) გადის, გაივლის სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის, შემდეგ კი მარშალ გელოვანის გამზირს უერთდება.
ყველა ახალი ამბავი
0