თითებით აღქმის უნარი ბავშვის მათემატიკურ ნიჭზე მეტყველებს: შეამოწმეთ მარტივად

© Pexels / Alexander Greyფერადი პლასტილინი
ფერადი პლასტილინი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. წვრილი, ანუ ნატიფი მოტორიკის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, ვინაიდან მისი ინტელექტუალური განვითარება სწორედ ხელის წვრილ მოტორიკასთანაა მჭიდროდ დაკავშირებული, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, სამყაროს შემეცნების პროცესში პატარა ყველაზე აქტიურად ხელს იყენებს: ეხება საგნებს, ხელით სინჯავს მათ, და რაც უფრო კარგადაა განვითარებული წვრილი მოტორიკა, მით უფრო მეტ ინფორმაციასა და წარმოდგენას იღებს ბავშვი საგნის შესახებ.
ამასთან, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ, თუ წვრილი მოტორიკის განვითარება ჩამორჩება, ფერხდება მეტყველების განვითარებაც მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ასეთ დროს საერთო მოტორული დონე ნორმაზე მაღალიც კი იყოს. საქმე ისაა, რომ ხელის თითების მოძრაობები სტიმულს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას, რაც თავის მხრივ აჩქარებს მეტყველების განვითარებას.
გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელის თითების მოძრაობების განვითარება ეხმარება ბავშვს, უფრო მარტივად აითვისოს მათემატიკა.
ნეირობიოლოგებმა ილარია ბერტელეტიმ და ჯეიმს ბუტმა ტვინის სომატოსენსორული სისტემა გააანალიზეს, რომელიც რეცეპტორებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე აგებს პასუხს. ასეთი რეცეპტორები განლაგებულია სხეულის ყველა ნაწილში, მათ შორის თითებზეც.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ როცა 8-13 წლის მოზარდებს რთულად გამოსაანგარიშებელ დავალებებს აძლევდნენ, სწორედ სომატოსენსორული სისტემა აქტიურდებოდა — მაშინაც კი, თუ მოსწავლე საანგარიშოდ სულაც არ იყენებდა ხელის თითებს.
აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მათემატიკურ აზროვნებასა და მოტორიკას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, და რომ თითებით აღქმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თუ გაინტერესებთ თითებით აღქმის როგორი უნარი აქვს თქვენს შვილს, ანუ რამდენად იოლად აითვისებს მათემატიკას, ამის შემოწმება იოლად შეიძლება:
მოათავსებინეთ ბავშვს ერთი ხელი წიგნის ან მაგიდის ქვეშ და შეეხეთ თითების წვერებზე. თუ თქვენს შვილს კარგი აღქმა აქვს, ის მარტივად განსაზღვრავს, უშუალოდ რომელ თითზე შეეხეთ.
თითებით აღქმის უნარის დასადგენად არსებობს უფრო რთული გზაც: ბავშვს ერთდროულად ორი თითის სხვადასხვა წერტილზე უნდა შეეხოთ, მაგალითად, ერთი თითის წვერსა და მეორე ფალანგზე.
ხანგრძლივი მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ:
მუსიკოსები მათემატიკაში მაღალ შედეგებს იმას უნდა უმადლოდნენ, რომ კარგად აქვთ განვითარებული თითებით აღქმის უნარი;
თუ პირველკლასელ ბავშვს თითებით აღქმის უნარი კარგად აქვს განვითარებული, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეორე კლასში ის წარმატებული იქნება მათემატიკაში;
მოსწავლეებში თითებით აღქმის დონე შესაძლებელს ხდის იმის პროგნოზირებას, თუ როგორი შედეგი ექნებათ მათ მათემატიკის ტესტში.
ნეირობიოლოგების მტკიცებით, ბავშვებში წვრილი მოტორიკის განვითარება მარტივი გზით, მოკლე და ზუსტი მოძრაობებით თითებზე დათვლის სწავლებითაა შესაძლებელი. და იქვე აღნიშნავენ, რომ მცდარია ზოგი მასწავლებლის პოზიცია, რომელიც ამ გზით თვლის სწავლებას ეწინააღმდეგება.

მათი თქმით, ახალი სამეცნიერო აღმოჩენები ადასტურებს, რომ აუცილებელია სწავლებისადმი განსხვავებული, ფიზიკურად ორიენტირებული მიდგომის შემუშავება, რომელიც უფრო მრავალმხრივი და კრეატიული იქნება, ვიდრე ახლაა.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ წვრილი მოტორიკის განვითარებას, თითებზე ანგარიშის გარდა, ასევე ეხმარება ხატვა, გაფერადება, წერა, მაკრატლითა და წებოთი მუშაობა, ძერწვა, პაზლების, ლეგოს აწყობა და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0