უნდა დავბანოთ თუ არა ახალშობილს თავი: რჩევა-ბონუსი ცნობილი პედიატრისგან
16:13 31.05.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
© Pexels / RDNE Stock projectჩვილი აბაზანაში
© Pexels / RDNE Stock project
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. უნდა დავბანოთ თუ არა ახალშობილს თავი, თუ ბავშვს თმა თითქმის არ აქვს, მით უმეტეს, თუ ქუდის ქვეშ, რომელიც გამუდმებით ახურავს, თავი არც უჭუჭყიანდება? — ასეთი შეკითხვით მიმართა ერთ-ერთმა მშობელმა ცნობილ უკრაინელ პედიატრს, უმაღლესი კატეგორიის ექიმ ევგენი კომაროვსკის.
აი, რას პასუხობს ერთი თვის ჩვილის დედას ექიმი:
„სწორედ იმიტომ, რომ პაწაწას გამუდმებით ქუდი ახურავს, უნდა დაბანოთ კიდეც თავი. ქუდის გამო ბავშვს თავის კანი უხურდება და უოფლიანდება. პატარას იმიტომ კი არ ვბანთ, რომ ჭუჭყიანია, არამედ იმისთვის, რომ ოფლი მოვაშოროთ. გამოდის, რომ თავის დაბანა ბავშვისთვის ყოველდღიური ჰიგიენის საკითხია.
ამის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ თუ ბავშვს ამ ჰიგიენურ პროცედურას სიცოცხლის პირველივე კვირებიდან შეაჩვევთ, უფრო მოზრდილ ასაკში ისტერიკას არ მოგიწყობთ თავის დაბანისას.
რამდენად ხშირად უნდა ვბანოთ თავი ბავშვს?
შემიძლია გიპასუხოთ, რამდენჯერაც გაუჭუჭყიანდება-მეთქი, მაგრამ ძალიან ხშირად ექიმებსა და მშობლებს სიტყვა „ჭუჭყიანი“ აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად ესმით.
თუ, მაგალითად, ბავშვმა ჯერ ფაფაში ჩაყო ხელი, მერე კი თავზე გადაისვა, რაღა თქმა უნდა, ის აუცილებლად უნდა დაიბანოს. მაგრამ რა კრიტერიუმებით აფასებს მედიცინა თავის დაბანის აუცილებლობას?
უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის თმების ინდივიდუალური თავისებურებები.
რაც უფრო სქელია და უხეში თმა, მით უფრო იშვიათად სჭირდება მას დაბანა.
თუ თმა საშუალო სისქისა და სიხშირისაა, მაშინ კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ, სამჯერ დაბანა საკმარისია.
როგორ უნდა დავბანოთ პატარა ბავშვს თმა სწორად?
პირველი ნაბიჯი და აუცილებელი პირობა — თმების კარგად დასველებაა.
მეორე ნაბიჯი: დაისხით ხელზე შამპუნი (არავითარ შემთხვევაში არ დაასხათ დასაბანი საშუალება პირდაპირ თავზე პატარას) და შეაზილეთ ბავშვს თმებში, თან ისე, რომ იმავდროულად თავის კანის მასაჟიც გამოვიდეს. თუ დედას განსაკუთრებით ძვირფასი მანიკიური ან პრობლემური ხელები აქვს, შეუძლია გამოიყენოს ან სამედიცინო ხელთათმანები, ან ძალიან რბილი ღრუბელი. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის დედის ხელის შეხება ბევრად სასიამოვნოა და მშობლიური.
მესამე ნაბიჯი: გადაავლეთ თბილი წყალი ბავშვს თავზე და საგულდაგულოდ ჩამობანეთ თმებიდან დასაბანი საშუალება. წყალი შეგიძლიათ ჩაფით დაასხათ, შეგიძლიათ შხაპით მიუშვათ. სხვათა შორის, ცუდი არ იქნება, თუ ბოლო გადავლებამდე წყალში ჩააყურყუმელავებთ კიდეც.
ახალშობილისთვის თავის დაბანის თავისებურებები
ამ დროს უმთავრესი თავისებურება მშობლის შიშია. დედას ეშინია, ბავშვს ყიფლიბანდის თხელი კანი არ დაუზიანოს.
დაიმახსოვრეთ: ყიფლიბანდს ბავშვს ვერ დაუზიანებთ, იმიტომ რომ მას საკმაოდ მტკიცე ქსოვილი აქვს!
ამიტომ ნუ დაფრთხებით და ნუ გადადებთ ბავშვისთვის თავის დაბანას სამერმისოდ. ბავშვი დაბადების მომენტიდანვე უნდა შეეგუოს თავის დაბანას.
როდიდან უნდა დავიწყოთ შამპუნის გამოყენება?
ახალშობილის დაბანისას ნამდვილად არ გჭირდებათ არანაირი საშუალება — მხოლოდ თბილი წყალიც საკმარისია. აი, დაახლოებით მეხუთე კვირიდან კი უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო შამპუნი.
ბუნებრივია, ეს არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დასაბანი საშუალების გამოყენება აუცილებელია დაბინძურების გამო. მაგალითად, თუ ბავშვს თმებზე რძე გადაესხა, ან ბებიამ ძალიან თბილი ქუდი დაახურა და პატარას თავი გაუოფლიანდა, რაღა თქმა უნდა, 5 კვირას არ უნდა დაელოდოთ და საბავშვო შამპუნი ან საპონი უნდა გამოიყენოთ.
რჩევა-ბონუსი
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმების გაშრობას. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია.
უფროსები, რომლებიც მიჩვეულები არიან საკუთარი თმების ენერგიული მოძრაობებით გაშრობას, ხშირად ცდილობენ, პატარასაც იგივენაირად მოექცნენ.
მაგრამ ბავშვის რბილი თმა იოლად ზიანდება ამგვარი მოპყრობისგან!
ამიტომ გამოიყენეთ თანამედროვე და ხარისხიანი პირსახოცები, რომლებიც ნაზად და ფაქიზად იწოვს სითხეს.