სროლა ვაკეში: პროკურატურამ მსროლელს ბრალი დაუმძიმა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ვაკეში, ერთ-ერთ კაფეში სროლის ფაქტზე პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში წარედგინა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ინციდენტი 25 მაისს ვაკეში, კაფე „სტრადას" ვერანდაზე მოხდა, სადაც იმ დროს ათამდე ადამიანი იმყოფებოდა. უცნობი პირი კაფეს ტერიტორიაზე შევიდა, რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 26 წლის გუგა ფირცხალავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიიღო.
ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის, მაგრამ პოლიციამ მისი იდენტიფიცირება შეძლო.
პროკურატურამ 30 მაისს მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რომელიც ჩადენილია ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ახლა პირველ ბრალდებას დაემატა მეორე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. როგორც აღმოჩნდა, ბრალდებულმა სროლა განახორციელა შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან.
ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0