სცენური სახეები თეატრში და თოჯინური პერსონაჟები ცხოვრებაში
14:09 30.05.2023 (განახლებულია: 19:19 30.05.2023)
© courtesy of Lela Sharabidzeლელა შარაბიძე

© courtesy of Lela Sharabidze
გამოწერა
ნინო მამულაშვილი
„ჩემი პროფესია ძალიან მეხმარება სახასიათო თოჯინების შექმნაში. ყოველი ახალი თოჯინა ჩემთვის ახალი როლივითაა“ – გვითხრა პროფესიონალმა მსახიობმა ლელა შარაბიძემ, რომელიც სცენაზე ერთმანეთისგან განსხვავებულ სახეებს ნიჭიერად ირგებს.
თუმცა ბოლო დროს მნახველი მის მიერ შექმნილი თოჯინური სახეებითაც მოიხიბლა. ისინი ჩვენში და უცხოეთში კერძო კოლექციებში ინახება.
- ქალბატონო ლელა, როდის დაიწყო პროფესიონალმა მსახიობმა თოჯინური სახეების შექმნა?
- ცხოვრება ყოველთვის გვიგზავნის გარკვეულ მინიშნებებს, მთავარია, ჩვენ ვიყოთ ამისთვის მზად. ყველაფერი მართლა ერთი განცხადებით დაიწყო. ქალბატონი ნანა ყაულაშვილი საავტორო თოჯინების დამზადების მსურველებს იწვევდა. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა შემესწავლა, მაგრამ რადგანაც თავისუფალი დრო მქონდა, მაშინვე ჩავეწერე, ახლაც მახსოვს თვე და რიცხვი, ეს იყო 2017 წლის 20 იანვარი.
- როდის მიხვდით, რომ თქვენი იქ მისვლა შემთხვევითი არ იყო?
© photo: courtesy of Lela Sharabidzeლელა შარაბიძის ნამუშევარი

ლელა შარაბიძის ნამუშევარი
- როგორც კი თიხას ხელი მოვკიდე, მაშინვე შევიცანი საკუთარი თავი და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჩემს ცხოვრებას სწორედ ეს ერთი ფაზლი აკლდა. მერე ყველაფერი ჰარმონიულად დალაგდა. როდესაც ნამუშევრები ფეისბუქზე დავდე, ჩემი გარემოცვა სრულიად შოკირებული იყო. მეგობრები გაოცებას ვერ მალავდნენ. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, როცა ყველაფერს კრიტიკის თვალით ვუყურებ და საკუთარ თავს პატარა შეცდომის დაშვების უფლებასაც არ ვაძლევ.
- პირველი გამოფენა სად გქონდათ?
- პირველი პერსონალური გამოფენა „არტ გალერეაში“ მქონდა. ის ჩემი მეუღლის კახა შარაბიძის დიდი სურვილით და მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენა მას მივუძღვენი და ასეც დავარქვი: „შენთვის“ (For you). შემდეგ იყო ჯგუფური გამოფენები, საერთაშორისო გამოფენა MOMA-ში, რომელიც იულია სოროკინას და მაია ალადაშვილის თაოსნობით მოეწყო. დეკემბრის ბოლოს ისრაელში ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა, სადაც ქალბატონ ნანა ყაულაშვილის რეკომენდაციით მიმიწვიეს.
- თქვენმა ახალმა გატაცებამ, შეიძლება ითქვას, ძირითადი პროფესია გვერდზე გასწია...
© photo: courtesy of Lela Sharabidzeლელა შარაბიძის ნამუშევარი

ლელა შარაბიძის ნამუშევარი
- ჩემი პროფესია ღრმა ბავშვობიდან მოდის, იმ დროიდან, როდესაც ეზოში ფარდას ჩამოვაფარებდით, მშობლების ტანისამოსში გამოვეწყობოდით და „დამაჯერებლად“ ვთამაშობდით. ბილეთებს ჩვენი მშობლები ყიდულობდნენ „ერთი პონჩიკის“ ფასად. ღმერთის მადლობელი ვარ ასეთი საინტერესო პროფესიისთვის. წინასწარ არასდროს იცი როგორი პერსონაჟის შექმნა მოგიწევს, როგორი ადამიანის ცხოვრებით უნდა იცხოვრო.
- როგორია თქვენ მიერ განსახიერებული სახეების გალერეა?
- ჩემი სცენური როლების გალერეაში ერთმანეთისგან განსხვავებული სახეებია, ესენია: 80 წელს გადაცილებული მოხუცი (თ. ჭილაძის „სიზმრების ახსნა“), 13-14 წლის მოზარდი (ლ. ბურბუთაშვილის „ქალი“), თავისუფალი და მეამბოხე მსახიობი ქალი (ე. დე ფილიპოს „ავტორის მაძიებელი 6 პერსონაჟი“) და გერმანელი კაროლინა (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“). ყველაზე მნიშვნელოვნად ბოლო ნამუშევარი, ანუ კაროლინას როლი მიმაჩნია. მადლობა რეჟისორ გოჩა კაპანაძეს, რომელმაც ეს სცენური სახე ასე მრავალ ჭრილში დამანახა.
- თოჯინებთან დაკავშირებული რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
© photo: courtesy of Lela Sharabidzeლელა შარაბიძის ნამუშევარი

ლელა შარაბიძის ნამუშევარი
- ყალიბებს არ ვიყენებ, რადგან მიყვარს, როდესაც ყველა დეტალი ხელითაა დამზადებული. ყალიბით შეიძლება ხარისხი უკეთესი გამოვიდეს, დრო და ნერვებიც დაზოგო, მაგრამ თოჯინა „ცოცხალი“ არ იქნება, ანუ მის ხასიათს ვერ აჩვენებ. ერთმა ჩემმა თოჯინამ „არაფრით მოინდომა“ საკუთარი თავის ტანზე დამაგრება, მხოლოდ ჩემს ხელში „გრძნობდა“ თავს კარგად, ჰოდა, ასეც დავტოვე – „ხელის გულზე”. მის ტანზე კი სხვა თოჯინამ დაიწყო სიცოცხლე. მინდა ყველას ვუსურვო, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის დაფარული ნიჭი, რომლის აღმოჩენაც დიდ სიხარულს და ბედნიერებას მოუტანს...