საქართველოს მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეებს დაეხმარება

© photo: Sputnik / Stringerსოფლის მცხოვრები
სოფლის მცხოვრები - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
გამოწერა
ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარს შეადგენს. სოფლის განვითარების სააგენტო განცხადებების მიღებას ივნისის მეორე ნახევარში დაიწყებს.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
პროგრამის მიზანია კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების გრანტი ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე იქნება არანაკლებ 30 ათასი ლარიდან არაუმეტეს 100 ათას ლარამდე და პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ის.
ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დაწესდა დამატებითი 10%-იანი შეღავათი.

„ვფიქრობთ, რომ ახალი პროგრამა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა საქმიანობის დაწყებას, მათ შორის, ახალგაზრდების მოზიდვას. მათ ექნებათ დამატებითი 10%-იანი თანადაფინანსება. პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა შამუგიამ.

პროექტის ჯამური ღირებულება განცხადების წარდგენისას არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას ლარს.
ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარს შეადგენს. სოფლის განვითარების სააგენტო განცხადებების მიღებას ივნისის მეორე ნახევარში დაიწყებს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გადამამუშავებელი საწარმოები, შემნახველი მეურნეობები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვა ნებისმიერი ბიზნეს-იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
აღნიშნული გამონაკლისები პროგრამაში გაწერილია და მოიცავს სამშენებლო საქმიანობას, დეველოპერულ საქმიანობას, სავაჭრო ობიექტებს, სატრანსპორტო მომსახურებას და ა.შ. პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებაც გამონაკლისს წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნული მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
ყველა ახალი ამბავი
0