მწვანე ბანანი: ვინ და რატომ უნდა ჭამოს დაუმწიფებელი ხილი

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
გამოწერა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ბანანი ძალიან სასარგებლო ხილია ორგანიზმისთვის, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებმა ეს ხილი სხვადასხვა სახით უნდა მიირთვან, აცხადებენ დიეტოლოგები.
სპეციალისტების თქმით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა და ასევე მათ, ვისაც წონაში დაკლება უნდა, ჯერ ისევ მწვანე ბანანი უნდა მიირთვან, ვინაიდან ბოლომდე დაუმწიფებელი ბანანი ყველაზე დაბალკალორიულია (სულ 56 კკალ 100 გრამზე) და ამასთან დაბალი გლიკემიური ინდექსიც აქვს (დაახლოებით 40).
მათი განმარტებით, მწვანეკანიან ბანანში ცოტა შაქარი და ბევრი სახამებელია (დაახლოებით 12,5 გრამი 100 გრამზე), ამიტომ ის მადას აქვეითებს და დიდხანს მუშავდება.
რაც შეეხება გადამწიფებულ ბანანს, მის 100 გრამში 90-100 კილოკალორიაა, ხოლო გლიკემიური ინდექსი საკმაოდ მაღალი — დაახლოებით 70. ამიტომ თუ ჭარბი წონა გაქვთ, ჯობს უარი თქვათ გადამწიფებულ ბანანზე, რომელიც იოლად მუშავდება ორგანიზმში.
ამასთან სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ სწორედ გადამწიფებული ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კატეხინებს — ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.
მათი თქმით, ერთი-ორი ბანანი დღეში ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის: ერთ ცალ ნაყოფში კალიუმის დღიური ნორმის დაახლოებით 10% და ფოლიუმის მჟავის სადღეღამისო ნორმის 30% შედის, რაც აუცილებელია გულისა და ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0