წუთით გინდება დაივიწყო ყველაფერი, მოდუნდე, იქვე ბაღის სკამზე ჩამოჯდე და დატკბე ბუნების მშვენიერებით, მაგრამ ვინ გაცლის… ყოველ ფეხის ნაბიჯზე წარწერებია — „არ მიუახლოვდეთ“, „არ დაყნოსოთ“, „არ შეეხოთ“ და ყველა ეს წარწერა მთავრდება სიტყვებით — „შხამიანია!“, „სიცოცხლისთვის საშიშია!“, „კლავს!“.

აქ ვერ ნახავთ ვარდებსა და ქრიზანთემებს, გეორგინებსა და ტიტებს, აქ ტურისტები ექსკურსიამძღოლების ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ სეირნობენ. ჭიშკარზე კი თავის ქალისა და ძვლების ემბლემის ქვეშ წარწერა გაცნობებთ, რომ თქვენ მსოფლიოს ყველაზე საშიშ — „ალნვიკის შხამიან მცენარეთა ბაღში“ იმყოფებით.
ბაღში, რომელიც ინგლისის ნორტუმბერლენდის საგრაფოს ალვნიკის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს, მსოფლიოს 100-ზე მეტი ყველაზე საშიში მცენარეა თავმოყრილი. დიდ ბრიტანეთში ეს ბაღი სიდიდით მეორეა და ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე „ბნელ“ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

თავის ქალით შემკობილ ჭიშკარს მიღმა იზრდება ძაღლყურძენა და მანდრაგორი, კონიო და აკონიტუმი, ბელადონა და ოპიუმის ყაყაჩო, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალული მცენარეები, რომელთაგან ნარკოტიკული ნივთიერებები მიიღება და, უბრალოდ, საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

„შხამიან მცენარეთა ბაღი“ საკმაოდ ახალგაზრდაა. იგი 2005 წელს გაიხსნა. ჰერცოგ ნორტუმბერლენდის სასახლე და მის ირგვლივ გაშენებული ტრადიციული ინგლისური ბაღი კი სამ ასეულ წელიწადს ითვლის. სხვათა შორის, სწორედ ეს სასახლე იყო „ჰოგვორტსის სკოლა“ „ჰარი პოტერის“ ფილმების პირველ ორ სერიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სასახლე და მის ირგვლივ არსებული ბაღი განადგურების პირას მივიდა და მხოლოდ 1995 წელს გამოუჩნდა მას პატრონი მისი ამჟამინდელი მემკვიდრის, 58 წლის ჯეინ პერსის (Jane Percy) – ჰერცოგინია ნორტუმბერლენდის სახით.

მან ტრადიციული ბაღი „მოსაწყენად" ჩათვალა და ბაღის აღდგენა გადაწყვიტა ისე, რომ მისთვის გარკვეული კომერციული დატვირთვაც მიეცა. თავდაპირველად ჰერცოგინია აპირებდა ბაღში სამკურნალო მცენარეები გაემრავლებინა, მაგრამ ერთ დღეს ქალბატონი იტალიაში, მედიჩების პადუის ბაღში მოხვდა, სადაც იტალიის მმართველ გვარს საუკუნეების მანძილზე მოჰყავდა მცენარეები, რომელთა საშუალებითაც უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად იშორებდა თავიდან მეტოქეებს… და სწორედ ეს ბაღი გახდა ნორტუმბერლენდის დიასახლისის შთაგონების წყარო — „რატომაც არა, თუ მინდა ხალხი მოვიზიდო, უნდა გავაკეთო რაღაც უნიკალური, თუნდაც საშიში“, — თქვა და გააკეთა კიდეც.

საინტერესოა, რომ ჯეინ პერსიმ ნარკოტიკული მცენარეების დარგვის ლიცენზიაც მიიღო და აქ რკინის ცხაურებიანი ჩაფხუტების ქვეშ იზრდება კანაფი, მარიხუანა, კოკაინი, ოპიუმის ყაყაჩო, „ჯადოსნური“ სოკო და თამბაქო.

ბაღს ყოველწლიურად 800 000 (!) ადამიანი სტუმრობს. განსწავლული ექსკურსიამძღოლები მოუთხრობენ მათ თითოეული მცენარის ისტორიას, ლეგენდებს, რით არის საშიში ესა თუ ის მცენარე და რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ნარკოტიკებს. სხვათა შორის, ექსკურსია ამ უკანასკნელ თემაზე საკმაოდ პოპულარულია სკოლის მოსწავლეთა ჯგუფებისთვის. ალბათ გასაგებიცაა, რომ ბაღი 24 საათი გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და იქ შესვლა მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით, ექსკურსიამძღოლის თანხლებით შეიძლება.

რაც შეეხება ბაღის მოვლას, არც ისე ადვილია იყო მებაღე ბაღში, სადაც შესაძლოა რომელიმე მცენარესთან შეხება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ამიტომ თითოეული მებაღე აქ სპეციალური აღჭურვილობით მუშაობს — თითქოს ქიმიურ ლაბორატორიაში, და, შესაბამისად, ანაზღაურებაც გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ინგლისელ მებაღეს.
აქაური მებაღეები ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიმე ურჩ ტურისტს მცენარე დაუყნოსავს და იქვე ბილიკზე დავარდნილა გულწასული, ან უფრო მძიმე მოწამვლა მიუღიათ, როცა მწვანე ფოთლის „დაგემოვნება“ უცდიათ და ძლივს გამოუგლეჯიათ სიკვდილის კლანჭებისთვის.

