მწვანეც და შავიც: 12 დიაგნოზი, როდესაც ჩაის სმა უნდა შეიზღუდოს

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
გამოწერა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ჩვეულებრივი, ანუ ბუჩქის ჩაი (ლათინურად Caméllia sinénsis), მისი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ამასთან ხელს უწყობს წონის დაკლებას. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ექიმები პაციენტებს ურჩევენ, შეზღუდონ ჩაის სმა, წერს გამოცემა Al Jazeera სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, არსებობს ორი სახეობის ჩაი — შავი და მწვანე. სახეობა დამოკიდებულია დაჟანგვის პროცესზე, რა დროსაც მცენარის ფოთლები მწვანიდან მუქ ყავისფრად გარდაიქმნება.
დაჟანგვა ფოთლებზე ტენიანი, ჟანგბადით მდიდარი ჰაერის გავლენით ხდება და მის ხარისხს თავად ჩაის მწარმოებლები აკონტროლებენ. შავი ჩაი — სრულად დაჟანგული სახეობაა, ხოლო მწვანე — დაუჟანგავი.

რა დროს უნდა შეიზღუდოს ჩაის სმა

სპეციალისტების თქმით, პაციენტებზე როგორც მწვანე, ისე შავი ჩაის უარყოფითი ზემოქმედების უმეტესობა მის შემადგენლობაში შემავალ კოფეინთანაა დაკავშირებული. სწორედ კოფეინის გამო უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ჩაის სმისას შემდეგ შემთხვევებში:
ძუძუთი კვებისას — კოფეინი დედის რძეში ხვდება და შედეგად გავლენას ახდენს ბავშვზე. თუ ჩვილი დიდი რაოდენობით მიიღებს კოფეინით გაჯერებულ რძეს (დღეში 2-3 ჭიქაზე მეტი), ამან შესაძლოა ძილის პრობლემები, გაღიზიანება და ნაწლავის აქტივობის გაზრდა გამოიწვიოს;
ანემიისას — ვინაიდან ჩაის შეუძლია გააძლიეროს ანემია;
შფოთვითი აშლილობისას;
სისხლის შედედების უნარის დაქვეითებისას;
გულის დაავადებებისას;
შაქრიანი დიაბეტისას;
დიარეისას;
კრუნჩხვებისას — კოფეინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები ან შეასუსტოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტი. თუ წარსულში ეპილეფსიური კრუნჩხვები გქონიათ, შეზღუდეთ კოფეინის შემცველი ჩაის სმა;
მაღალი არტერიული წნევისას;
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისას;
ღვიძლის დაავადებებისას — მწვანე ჩაის ექსტრაქტებს ზოგ შემთხვევაში ღვიძლის დაავადების გამწვავება შეუძლია. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია;
ოსტეოპოროზისას — ჩაის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება ორგანიზმიდან კალციუმის გამოძევება გაზარდოს, რაც ძვლების დასუსტებას გამოიწვევს. ამიტომ თუ ოსტეოპოროზი გაქვთ, ნუ დალევთ დღე-ღამეში ექვს ჭიქა ჩაიზე მეტს.
გარდა ამისა, ექიმების თქმით, დიდი რაოდენობით მწვანე და შავი ჩაის სმას შეიძლება მოჰყვეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: შფოთვა, ძილის დარღვევა და უძილობა, სუნთქვის გახშირება, თავის ტკივილი, გულის არითმია, ნერვოზულობა.

ჩაის დღიური ნორმა

Al Jazeera-ს ექსპერტების თქმით, ზომიერი რაოდენობით ჩაი უსაფრთხოა ადამიანთა უმეტესობისთვის, თუმცა დღეში მაინც მხოლოდ 4-5 ფინჯანია რეკომენდებული, რათა კოფეინთან დაკავშირებულმა გვერდითმა ეფექტებმა ჯანმრთელობის პრობლემები არ დაამძიმოს.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: Al Jazeera
ყველა ახალი ამბავი
0