100 წლის შემდეგ: სამების ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი შესრულდა

© Government of Georgiaალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში
ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2023
გამოწერა
სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ აღავლინა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი შესრულდა.
ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს თბილისში მისი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ გადმოასვენეს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პირველი რესპუბლიკის ნეშტის გადმოსვენების ცერემონიასა და სამოქალაქო პანაშვიდს ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
„თავისი ხანმოკლე, მაგრამ გმირული ბიოგრაფიით, ალექსანდრე ლომთათიძემ ჩვენი სამშობლოსთვის მსახურების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თავდადების უკვდავი მაგალითი შექმნა მომავალი თაობებისთვის. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს უზბეკეთში, ბატონ ზურაბ აბდუშელიშვილს, უზბეკეთის მთავრობას, ამ საქმის ორგანიზებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ აღავლინა.
1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, ხოლო ალექსანდრე ლომთათიძე – დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ).
კარლო ჩხეიძის საქართველოში არყოფნისას ლომთათიძე თავმჯდომარეობდა კრების სხდომებს.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა ალექსანდრე ლომთათიძესაც.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორ-ნახევარი წელი იარსება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ლომთათიძე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.
1923 წელს სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად იგი რუსეთში გადაასახლეს. მოგვიანებით კი მძიმე ავადმყოფობის გამო მას ტაშკენტში გადასვლის უფლება მისცეს, სადაც 1924 წლის აგვისტოში კვლავ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ლომთათიძე დაპატიმრებიდან მალევე გარდაიცვალა და დაკრძალული იყო ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.
ყველა ახალი ამბავი
0