100 წლის შემდეგ - საქართველოს სახელმწიფო მოღვაწის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
გამოწერა
ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩომ მოიძია.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდებიან დამფუძნებელი კრების წევრები: კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი.

„სიმბოლურია, რომ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე სამშობლოს დაუბრუნდა და მშობლიურ მიწას პატივით მიებარება. ხელისუფლების ძალისხმევით დღეს გადასახლების ადგილიდან ჩამოასვენეს სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის 15 წევრს კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით, რომლებიც 1923 წლის 21 მაისს ანტისაბჭოთა აჯანყების მცდელობისთვის დახვრიტეს, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხის სახელით პატივს მიაგებენ როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების, ისე დამფუძნებელი კრების წევრების ხსოვნას.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე არის თავისუფლების, სიმტკიცისა და ქართველი ხალხის ძლიერი, შეუპოვარი სულის სიმბოლო.
„დღეს განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავთ იმ გზას, რომელმაც საქართველო დღევანდელ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფომდე მოიყვანა. მადლიერები ვართ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით შექმნეს სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში პოლიტიკური მოღვაწის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს ჩამოასვენებენ>>>
თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამხედრო აღლუმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ვინ იყო ალექსანდრე ლომთათიძე
1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა (ყოფილი ეროვნული საბჭო) დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული იყო 15 პოლიტიკური პარტია.
1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, ხოლო ალექსანდრე ლომთათიძე – დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ).
კარლო ჩხეიძის საქართველოში არყოფნისას ლომთათიძე თავმჯდომარეობდა კრების სხდომებს.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა ალექსანდრე ლომთათიძესაც.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორ-ნახევარი წელი იარსება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ლომთათიძე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.
1923 წელს სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად იგი რუსეთში გადაასახლეს. მოგვიანებით კი მძიმე ავადმყოფობის გამო მას ტაშკენტში გადასვლის უფლება მისცეს, სადაც 1924 წლის აგვისტოში კვლავ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ლომთათიძე დაპატიმრებიდან მალევე გარდაიცვალა და დაკრძალული იყო ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.
ყველა ახალი ამბავი
0