საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2023
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მსვლელობისას პოლიციამ საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი".
საქართველოს პარტლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ. სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტებს თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რადგან იქ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

„პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია პოლიციის კორდონი. აქცია ჩაატარონ პარლამენტის წინ, თავისუფლების მოედანზე კი მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მათ მოვუწოდებთ, რომ აქცია დაასრულონ პარლამენტთან და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას“, – განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
ევროკავშირის დროშის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციის ნაწილმა და სოციალური ქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლისგან განსხვავებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის ფასადზე გამოფენილი არ არის ბანერები ევროკავშირის დროშის გამოსახულებით. ამაში ოპოზიციამ ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხე დაინახა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ოპონენტებს აღიზიანებთ საქართველოს დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა, ისინი ცდილობენ ფაშიზმი დემოკრატიად გაასაღონ ევროკავშირის დროშის თემით სპეკულირებით.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კი აღნიშნა, რომ წელს დამოუკიდებლობის დღის სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით" და, შესაბამისად, პარლამენტის შენობა საქართველოს დროშის ფერებში გაფორმდა.
ევროკავშირის დროშა ახალი სკანდალის მიზეზი გახდა>>>
გასულ წელს დღესასწაულის სლოგანი იყო „ევროპისკენ", რამდენადაც 2022 წლის მარტში ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. შარშან ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაში პირველად საქართველოს ჰიმნთან ერთად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნიც. პარლამენტის შენობის ფასადზე კი საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა იყო გამოფენილი.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 2,5 წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი ეროვნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0