როგორ აღინიშნება მსოფლიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თემატური ღონისძიებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 105-ე წლისთავს აღნიშნავს.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.
კანადაში უკვე მესამედ ნიაგარის ჩანჩქერზე გამოჩნდება საქართველოს დროშის გამოსახულება. საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდებიც, კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა" და შადრევანი, ავსტრალიაში კი ეროვნული კარილიონის შენობა.
არგენტინაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდება.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს დროშის ფერებით ADNOC-ის შენობა განათდება, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა Kingdom Tower, თურქეთში კი იზმირის მთავარი სიმბოლო – საათის კოშკი.
აზერბაიჯანში საქართველოს დროში ფერებში განათდება „ჰეიდარ ალიევის ცენტრი", კვიპროსში – ნიქოზიის ცენტრალური მოედანი. ასევე განათდება კორეის რესპუბლიკაში სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე საქართველოს დროშა გამოიხატება.
ირლანდიაში ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett-ის ხიდი საქართველოს დროშის ფერებით განათდება.
ქართული დროშის ფერებში: რუსთაველის გამზირი დამოუკიდებლობის დღის წინ - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
ქართული დროშის ფერებში: რუსთაველის გამზირი დამოუკიდებლობის დღის წინ - ვიდეო
ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდება, საბერძნეთში კი ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდება კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში – ეროვნული მონუმენტი და შადრევანი.
ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, თესალონიკში კი მერიის შენობა.
ასევე ნიუ-იორკში აღმართავენ საქართველოს დროშას, სან-ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართება მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართული დროშა გამოიფინება მერიის შენობაზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება.
ასევე ნიდერლანდში ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები.
გარდა ამისა, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთ გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებიც.
აშშ-ში კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართება ქართველი მხატვრის ქეთევან პაიჭაძის გამოფენა, ასევე ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2023
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში - პროგრამა
ეროვნული დღის აღსანიშნავად ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებული საფოსტო მარკის პრეზენტაცია.
კუბაში მოეწყობა ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ღვინის სამშობლო" ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები.
ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში, სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ქალაქ ჟენევაში, აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში
ყველა ახალი ამბავი
0