რატომაა ჩუტყვავილას აფეთქება საქართველოში - ჩხაიძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
2023 წლის ოთხ თვეში ჩუტყვავილათი ინფიცირების 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს ჩუტყვავილათი დაავადების აღმასვლა შეინიშნება, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსულ ინფექციას, ე.წ. ჩუტყვავილას გარკვეული თვისება აქვს, რაც მის ციკლურობაში გამოიხატება, აღნიშნა სპეციალისტმა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 2-5 წელიწადში იზრდება.
ინფექციის ციკლურობა კარგად ჩანს საქართველოს ბოლო ხუთი წლის სტატისტიკურ მონაცემებში. 2018 წელს საქართველოში გამოვლინდა ჩუტყვავილას 10.196 შემთხვევა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 1.810-მდე შემცირდა, 2022 წელს გაიზარდა 2.605-მდე, ხოლო 2023 წლის ოთხ თვეში უკვე 3.118 შემთხვევაა.

„ამას თუ ოთხზე გავამრავლებთ, ისეთივე სურათს მივიღებთ, როგორიც ხუთი წლის წინ იყო – 10 ათასზე მეტი ინფიცირებული. ასეთი ციკლურობა ამ ინფექციას ახასიათებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც", – განაცხადა ჩხაიძემ.

მონაცემები მეტყველებს, რომ წელს საქართველოში ჩუტყვავილათი დაავადებულების რაოდენობა მაქსიმუმს მიაღწევს, აღნიშნა მან.
რაც შეეხება გარდაცვალებას ინფექციის გამო, წელიწადში ერთი-ორი ლეტალური შემთხვევა ვლინდება, განსაკუთრებით ამ დაავადების აფეთქების დროს, აღნიშნა მან.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გასულ კვირაში გორში ოთხი წლის ბიჭუნა გარდაიცვალა.
რატომ არ არის საქართველოში ჩუტყვავილას ვაქცინა: მინისტრის განმარტება>>
ჩუტყვავილა
2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების უჩვეულო მატება, თუმცა 2023 წლის მარტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სიტუაცია დასტაბილურდა.
ჩუტყვავილაზე აცრა საქართველოს სავალდებულო აცრების ეროვნულ კალენდარში არ შედის. ქართველი ექიმების თქმით, ჩუტყვავილას ფასიანი ვაქცინა საქართველოში ადრე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ბოლო ორი წელია ის ქვეყანაში არ შემოდის. შესაბამისად, მშობლები სურვილის შემთხვევაში ჩუტყვავილაზე ბავშვებს ვერ აცრიან.
ევროპაში და აშშ-ში ჩუტყვავილის აცრა ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს უტარდება.
ჩუტყვავილა არის მწვავე და უაღრესად გადამდები ვირუსული დაავადება. ჩუტყვავილა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და, იმუნიზაციის პროგრამის არარსებობის შემთხვევაში, შუა ასაკამდე პრაქტიკულად ყველა ადამიანს ემართება.
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი: ბავშვის სიკვდილი ჩუტყვავილას გართულებამ გამოიწვია>>
ჩუტყვავილა გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან ინფიცირებული პირის დამახასიათებელ დაზიანებებთან პირდაპირი კონტაქტით. კლინიკური ჩუტყვავილის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 10-21 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ და მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, გამონაყარს და დამახასიათებელ ქავილს.
ბუშტუკები თანდათან ქერქით იფარება, რომელიც ქრება 7-დან 10 დღემდე ვადაში. ადამიანები გადამდები რჩებიან მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება.
ჩვეულებრივ, ჩუტყვავილა კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, მაგრამ გართულების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენცეფალიტი, მიოკარდიტი, პიოდერმია და ლიმფადენიტი. დაავადება 60000-დან ერთ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0