საქართველო კანის კინოფესტივალზე - რას ნახავს მაყურებელი

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩონი კანის ფესტივალზე
ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩონი კანის ფესტივალზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
კანის კინოფესტივალის ფარგლებში სამი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველო კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ცალკე პავილიონითაა წარმოდგენილი. ღონისძიების სტუმრები ქართველი რეჟისორების სამ სრულმეტრაჟიან ფილმს იხილავენ ფესტივალის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში.
2023 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში 16-27 მაისს ტარდება.
ფესტივალზე ქართულ პავილიონს სამთავრობო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად წარადგენს.
უცხოელ კინოპროდიუსერებს, დისტრიბუტორებსა და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოვიზუალური პროდუქციის წარმოების პირობებს და მიიღონ ინფორმაცია სააგენტოს პროგრამის შესახებ.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქვს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, რომელიც 2016 წლიდან მოქმედებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროდიუსერებს აძლევს შესაძლებლობას, გადაიღონ ფილმები და სხვა აუდიოვიზუალური პროდუქცია საქართველოში და დაიბრუნონ კვალიფიცირებული ხარჯის 20-25%.

ქართველი რეჟისორების ფილმები

ფესტივალის მაყურებლები 22 მაისს ნახავენ ცნობილი ქართველი რეჟისორის ნანა ჯანელიძის ფილმს „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“.
ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალი“ პრემიერა უკვე შედგა ფესტივალის დამოუკიდებელი სექციის Quinzaine des cinéastes ფარგლებში.

„იარე, ლიზა!“ (Go on, Liza!)

„იარე ლიზა!“ - არის ნანა ჯანელიძის სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის მთავარი გმირი ჟურნალისტია და მუშაობს აფხაზეთის ტერიტორიაზე 1990-იანების დასაწყისში, ომის წლებში. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ მწერალი ეკატერინე ტოგონიძე და მსახიობი ნინა ერაძე.
სცენარი ეფუძნება მისი თანაავტორის ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილებას, რომელიც თავად მუშაობდა აფხაზეთში სამხედრო კორესპონდენტად ომის წლებში.
ფილმი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და საქართველოსა და ბულგარეთის ერთობლივი პროდუქციაა.

„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ (Air Blue Silk)

ირინე ჟორდანიას ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ეკა წარმატებული თბილისელი ტელეწამყვანია. თუმცა მისი ცხოვრება კალაპოტიდან ამოვარდება, როდესაც დაიკარგება მისი იმიგრანტი ნათესავი, რომელსაც მთავარი გმირი თავიდან იშორებდა ხოლმე.
მეორე მთავარი გმირი, ლადო კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, სანამ ერთ დღეს არ გახდება მოწმე, როგორ იღუპება მშენებელი ჩამოვარდნისას.
ეკა და ლადო მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ გაუცნობიერებლად ახდენენ გავლენას ერთმანეთის ცხოვრებაზე.

„შაშვი შაშვი მაყვალი“

ელენე ნავერიანის ფილმი გადაღებულია ქართველი მწერალი ქალის თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც 2021 წლის ბესტსელერი იყო. სიუჟეტის მიხედვით, 48 წლის მთავარი გმირი ეთერი ცხოვრობს სოფელში, ტრადიციულ ოჯახში.
მარტოხელა ქალი მუშაობს საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიაში, ტკბება თავისუფალი ცხოვრებით, უკვე ემზადება მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. მაგრამ მისი რომანი მამაკაცთან, რომელიც დისტრიბუტორად მუშაობს, მის გეგმებს თავდაყირა აყენებს.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საკურორტო ქალაქ კანში ყოველწლიურად მაისის მიწურულს იმართება. აკრედიტებულია კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ მხატვრული ფილმების 15 საკონკურსო ფესტივალს შორის (ე.წ. А კატეგორიის ფესტივალები).
კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ფესტივალია.
ყველა ახალი ამბავი
0