„მომიტევე, მეფეო, დედოფალი მეგონე“: რამდენიმე ამბავი ჭკუამახვილობაზე

© Pixabay / mohamed_hassanადამიანი ანთებული ნათურის თავით
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
ნათქვამია, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, არსებობს გამოუვალი აზროვნებაო.
ისტორიაში მრავლად მოიძებნება მაგალითები იმისა, თუ როგორ უხსნია ვითარება ადამიანის გონებაგამჭრიახობას, როგორ მოუხერხებიათ ურთულესი სიტუაციიდან თავის დაძვრენა და გამოსავლის პოვნა.
ქვემოთ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ.

კადნიერი თავადი

იმერეთის მეფე სოლომონ მეორე სასახლეში ნადიმს მართავდა. სუფრაზე ერთ თავადს საუბრისას უთქვამს, ზოგჯერ ბოდიში დანაშაულზე უარესიაო.
მაგას ვერ ვირწმუნებ, თუ საქმით არ დაამტკიცებო, უბრძნებია მეფეს.
— ბატონი ბრძანდებით, ოღონდ სიტყვა მომეცით, რომ არ გამიწყრებით და საქმით დაგიმტკიცებთ, — უთხრა თავადმა.
სიტყვა მომიციაო, დაპირებია სოლომონ მეორე.
რამდენიმე დღის შემდეგ მეფე თავისი ამალით ეკლესიაში მიბრძანდებოდა ლოცვის მოსასმენად. მოულოდნელად თავადი მიპარვია სოლომონს და წელზე მოუხვევია ხელები. ელვის სისწრაფით შებრუნებულა განცვიფრებული მეფე, შეურისხავს თავადი:
— ეგ რა ჰქენ, კადნიერო?!
— შემინდეთ, მეფეო, დედოფალი მეგონეთ...
და მეორე დღეს გონებამახვილ თავადს მშვენიერი ტაიჭი ებოძა მეფისგან.
არ გამოტოვოთ: გაჭირვებული ქართველის ჭკუა, ანუ ამბავი ებრაელთა ნატვრისა და ქართველთა გონებამახვილობისა

ღორებთან მებრძოლი ფაშა

XIX საუკუნის შუა წლებში აფხაზეთის სოფელ ხუაფში ცხოვრობდა საკმაოდ განათლებული, გონებამახვილი და ენამაკვიმატი პლატონ ინალიფა, რომელსაც თვით სისხლისმსმელი ომერ-ფაშაც კი შეუცბუნებია.
საქმე კი ასე ყოფილა: ყირიმის ომისას თურქი სარდალი ომერ-ფაშა აფხაზეთში შემოიჭრა და ქრისტიანი მოსახლეობა ააწიოკა. ერთ დღესაც პლატონის კარმიდამოში ასკერები შეცვივნულან და ღორები დაუხოცავთ. ინალიფას დაცინვით უთქვამს მათთვის, მეგონა, სულთანმა ჯართან საომრად გამოგგზავნათ და არა ღორებთანო.
ამ სიტყვებს ისე უმოქმედია თურქ სარდალზე, ხელი აუღია მოსახლეობის რბევაზე.

სიმენსების დახლები

XIX საუკუნის დასასრულს ძმებმა სიმენსებმა საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა დაიწყეს. ვერნერ და კარლ სიმენსებმა სპილენძის მაღაროებიც შეისწავლეს და საბადოების ათვისება დაიწყეს. მაგრამ ადგილობრივი მოასახლეობა უარს ამბობდა შახტებში მუშაობაზე, რადგან მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით იყვნენ დაკავებული და ძირითადად პროდუქციის გაცვლა-გამოცვლით ირჩენდნენ თავს.
მაშინ სიმენსებს სოფლებში სავაჭრო დახლები დაუდგამთ, სადაც სამკაულები და სხვა „საქალებო“ ნივთები იყიდებოდა — მხოლოდ ფულზე და არა რაიმე საქონელზე გაცვლით.
და ხერხმა გაჭრა: ქალებმა აიძულეს ქმრები, რომ სპილენძის მაღაროებში დაეწყოთ მუშაობა და სამკაულების შესაძენი თანხა იქ გამოემუშავებინათ.

ტფილისელი მსახიობი

თავის დროზე თბილისის სომხური თეატრის მსახიობი ყოფილა ვინმე შატუნი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს და სულ მალე ქალაქ ერევნის კომენდანტადაც დანიშნეს.
1917 წელი იდგა. ფრონტის წინა ხაზიდან გამოქცეული ოფიცრებით დახუნძლული ერთი ეშელონი ერევანს მიადგა. ჯარისკაცებმა დეზერტირები რომ დაინახეს, მათი დახვრეტა მოინდომეს და შეიქმნა ერთი გაწევ-გამოწევა. და ალბათ მიღწევდნენ კიდეც საწადელს, სადგურის უფროსს კომენდატურაში რომ არ დაერეკა.
ძალიან მალე შემთხვევის ადგილზე კომენდანტი შატუნი გამოცხადდა. ის ავტომობილიდან გადმოვიდა, მცველებს ადგილზე დარჩენა უბრძანა და მარტო გაეშურა სისხლს მოწყურებული და ჭკუაარეული ჯარისკაცებისკენ. მერე მძლავრი ხელებით ფორმის ხალათი მკერდზე გადაიფხრიწა და ტრაგიკული ხმით აღრიალდა:
— პირველს მე მესროლეთ, ნუ შედრკებით, მესროლეთ დაუნდობლად, მიეცით თქვენ მძვინვარებას თავისუფლება!.. და სიტყვა სიტყვით წაიკითხა „ურიელ აკოსტას“ მთავარი გმირის მონოლოგი. დიდებულად ასრულებდა, გაოგნებული ბრბო გახევებული იდგა.
და ვიდრე სულგანაბული ჯარისკაცები „ციდან მოვლენილ“ მსახიობს უსმენდნენ, ოფიცრებით დახუნძლული მატარებელი დაიძრა და შეუმჩნევლად გაქრა. როდესაც მონოლოგის ბოლო სიტყვები გაისმა, თავშეუკავებელი ოვაცია და აღტაცებული შეძახილები ატყდა. მაგრამ ახლა თავად შატუნს უნდა დაეძვრინა თავი. მოხერხებულმა ყოფილმა მსახიობმა ამ შემთხვევაშიც იოლად მოძებნა გამოსავალი — უცბად შებარბაცდა, მკერდზე ხელი იტაცა და ამოიკვნესა, ვაი, გული, წყალი, წყალიო!
რამდენიმე კაცი წყლის მოსატანად გაიქცა. დანარჩენებმა კი კომენდანტი აიტაცეს და მანქანისკენ გააქანეს. აქ შატუნმა ვითომ ცოტა სული მოითქვა და, არაფერია, გავუძლებ, ექიმთან წამიყვანეთო, „ამოილუღლუღა“. კორტეჟმაც ციმციმ გაიყვანა სადგურიდან ქალაქის კომენდანტი.
როდესაც ვნებები დაცხრა, ჯარისკაცებს ის დეზერტირი ოფიცრები გაახსენდათ, რომელთა სამაგალითოდ დასჯასაც აპირებდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაშინღა მიხვდნენ, როგორ გააცურა ისინი ქალაქის კომენდანტმა.

უდაბნოს წყევლა

1739 წელს ნადირ შაჰი ინდოეთში შეიჭრა და ლაშქრობაში თან იახლა ქართველი უფლისწული ერეკლე — პატარა კახი. სპარსელებმა ცენტრალური ინდოეთი დაარბიეს, აიღეს დელი, დაისაკუთრეს ინდოეთის სიმდიდრე და უკან გამობრუნდნენ. უდაბნოში გზად წინ ქვის კერპი დახვდათ წარწერით:

„უკუნითი უკუნისამდე შვილებითა და სახელობით წყეულიმც იყოს ის, ვინც ამ სვეტს გადააბიჯებს!“

შეშფოთდა ირანელთა მორწმუნე ლაშქარი, მეომრებმა უარი თქვეს ადგილიდან დაძვრაზე. ვერაფერმა უშველა, ვერც ნადირ-შაჰის მჭევრმეტყველებამ და ვერც მუქარამ.
გამოსავალი პატარა კახს მოუნახავს. შაჰისთვის შეუთავაზებია, კერპი სპილოებს ავკიდოთ და წინ გავირეკოთ, ლაშქარი კი უკან მიჰყვეს მათ, ასე ავიცდენთ წყევლას, ვინაიდან არცერთი მეომარი არ გადალახავსო სვეტს.
ამ გონებამახვილურმა რჩევამ ნადირ-შაჰი აღაფრთოვანა და ბრძანა, სვეტი მიწიდან მოეთხარათ და საბრძოლო სპილოებისთვის აეკიდათ ზურგზე. და ლაშქარმაც დაუბრკოლებლად განაგრძო გზა.
ყველა ახალი ამბავი
0