ნაბიჯი გადაიდგა: ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
2021 წლიდან მოყოლებული პარლამენტმა ვერ შეძლო ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ცესკოს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის ცვლილებას ეხება.
ცესკოს დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების მიღებას ეწინააღმდეგება ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ გზით საქართველოს ხელისუფლებას სურს მიიღოს სრულად კონტროლირებადი საარჩევნო ორგანო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა ცესკოსადმი ნდობას გაამყარებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
ექსპერიმენტი ჩავარდა - პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს ხელმძღვანელის არჩევის წესზე>>>
ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის პრეროგატივაა.
ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
იცვლება ასევე არჩევნების პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმა), ისინი თანამდებობებს ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატების ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენს.
2021 წელს ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტი ვეღარ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას და მას მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს უწოდებს. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.
ყველა ახალი ამბავი
0