როგორ იმოქმედებს რუსეთთან ფრენების აღდგენა ქართული ტურიზმის განვითარებაზე

© photo: Sputnik / Stringer AirZena - Georgian Airways-ს თვითმფრინავი
 AirZena - Georgian Airways-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
საქართველომ 2019 წელს ტურისტების რაოდენობით რეკორდი მოხსნა. მაშინ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ფონზე, 2023 წელს საქართველომ შესაძლოა ტურისტების რეკორდული რაოდენობა მიიღოს თავის ისტორიაში, ამის შესახებ BMG-ს მედია პლატფორმაზე საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო 10 მაისიდან გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა და ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.

„ჩვენ რეალურად ამ გადაწყვეტილების გარეშეც ველოდებოდით ძალიან ბევრ ტურისტს. მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეალურად ბევრად ზრდის ტურისტულ ნაკადს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ წელს შეიძლება რეკორდს მივაღწიოთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველომ 2019 წელს ტურისტების რაოდენობით რეკორდი მოხსნა. მაშინ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას. 2020 წლის შედეგებით, დარგის შემოსავლები უკიდურესად დაბალ დონეზე დაეცა - 427,7 მლნ დოლარი, მაშინ როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 1,7 მლნ ადამიანი შეადგინა.
2022 წელს უკვე რეკორდული იყო შემოსავლები ტურიზმიდან – საქართველოს შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე.
ზოგადად, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.
2022 წელს რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში - 21,25%. 2019 წლის ივნისში პირდაპირი ფრენების გაუქმებამდე, რუსეთის მოქალაქეების წილი საქართველოში ჩამოსულთა შორის 15-17% იყო.
ყველა ახალი ამბავი
0