ლავროვი: ამერიკელები სომხებს ქვეყნიდან რუსების გაყრას ურჩევენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. შეერთებული შტატები სომხეთს ურჩევს, უარი თქვას რუსული ბაზისა და რუსი მესაზღვრეების განთავსებაზე, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჰპირდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „ცარგრადთან“ ინტერვიუში.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვიცი, რომ [აშშ და მისი მოკავშირეები] სომხებს ეუბნებიან, ჩვენკენ გადმოდით, გაყარეთ რუსები თქვენი ტერიტორიიდან და მესაზღვრეებიც მიაყოლეთ, მოაშორეთ სამხედრო ბაზა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კი ამერიკელები დაგეხმარებიანო. ეს ღია პროვოკაციაა. ეს დიპლომატია კი არ არის, არამედ პირდაპირი მოსყიდვაა“, — აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ ხშირად ღალატობს ისეთ მოკავშირეებს, რომლებზეც მანამდე ფსონს დებდა. ასეთთა შორის ლავროვმა დაასახელა ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, ასევე ავღანეთის ხელმძღვანელობა, „რომელსაც ამ ქვეყნის ოცწლიანი ოკუპაციისას ეყრდნობოდა“.
ამ დროისათვის სომხეთში, გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომლის საჰაერო კომპონენტია ასევე ერევანში დისლოცირებული ავიაბაზა „ერებუნი“.
გარდა ამისა, სომხეთში მსახურობს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტი — 1992 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სასაზღვრო ჯარების სტატუსს, პირობებსა და ფუნქციონირებას განსაზღვრავს.
ყველა ახალი ამბავი
0