მოსკოვი-თბილისი: როდის შესრულდება პირველი პირდაპირი ავიარეისი

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
მიხეილ ვორობიოვი
დღეიდან ძალაში შედის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ. პირველი თვითმფრინავის გაფრენის ზუსტი დრო ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა სავარაუდო თარიღად 17 მაისი დასახელდა.
საქართველოს საავიაციო ხელმძღვანელობისგან ფრენებზე ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მიიღო.

როგორ მიიღეს გადაწყვეტილება

რუსეთმა სავიზო რეჟიმი იმიტომ გააუქმა და ფრენებზე აკრძალვაც იმისთვის მოხსნა, რომ ადამიანების ცხოვრება შეემსუბუქებინა, განაცხადა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო და ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. სწორედ ის იწვევდა რუსეთში ქართველ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს და მათთან იხილავდა ამ თემებს.
დეპუტატის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმამდე რუსეთმა ტერორისტული საფრთხეებიც შეაფასა და ძალოვანი სტრუქტურების ხაზითაც ყველაფერი შეამოწმა. კალაშნიკოვს მიაჩნია, რომ „დასავლეთი დაიწყებს საქართველოს დადანაშაულებას — ისინი ყოველთვის რუსებთან არიან და ამიტომაც მისცეს რუსებმა შეღავათიო“.
„თუმცა, ვფიქრობ, ეს ასე არ არის. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი არ მიესალმება ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ისინი კოლექტიური დასავლეთის კრიტიკის ქარცეცხლში ექცევიან“, — აღნიშნა კალაშნიკოვმა.
მისი აზრით, ქართული ოპოზიცია ამ ვითარების გამოყენებასა და „ქართული ოცნების“ დადანაშაულებას ცდილობს, თითქოს მას რუსეთთან კულისებს მიღმა ურთიერთობები ჰქონდეს.

„ჩვენ მთავრობასთან შუამდგომლობისას იმ ქართველებისა და რუსების ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქების სურვილით ვხელმძღვანელობდით, რომლებიც დაფრინავენ. პოლიტიკოსები როგორ მოიქცევიან — ეს მათი საქმეა“, — აღნიშნა კალაშნიკოვმა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ თავად კალაშნიკოვს საქართველოში შესვლის უფლება არა აქვს.

პრეტენდენტი ავიაკომპანიები

როგორც „როსავიაციის“ საიტზე გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, ავიაკომპანია Red Wings-მა მოსკოვიდან თბილისში კვირაში 21-ჯერ რეგულარულ რეისებზე დროებითი საშვის მიღებაზე წარადგინა განაცხადი.
ამ მომენტისთვის რუსეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეისების მუდმივი საშვები აქვთ „აეროფლოტს“ (კვირაში 14 რეისი) და Nordwind-ს (კვირაში 7 რეისი). ხოლო „აზიმუტს“ დროებითი საშვი აქვს კვირაში 7 რეისზე.
გარდა ამისა, Red Wings-მა გამოითხოვა საშვი თბილისში ყაზანიდან და სამარიდან ფრენებზეც. ამ მარშრუტებზე მუდმივი საშვები ამჟამად აქვთ Nordwind-ს, „ურალის ავიახაზებს“, „ЮВТ აეროს“ და Smartavia-ს.
თუმცა, როგორც „როსავიაციის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა ელენა მიხეევამ განუმარტა Sputnik-ს, საშვის ფლობა არ ნიშნავს, რომ ავიაკომპანიას ფრენების ნებართვაც აქვს მიღებული.

„ეს დოკუმენტების კომპლექტში მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია. თუ ავიაკომპანიას უკვე აქვს საშვი, ის შეძლებს მიმართოს საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას ფრენების ნებართვის მისაღებად“, — განმარტა მან.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ განაცხადები რამდენიმე ავიაკომპანიისგან მიიღო. ამასთან სააგენტოს არ დაუზუსტებია, სახელდობრ რომელ ავიაკომპანიებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ რეისებს მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები შეასრულებენ.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიებისა თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში, და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
თუ ამაში ევროკავშირის უსაფრთხოების კუთხით შედგენილი შავი სია იგულისხმება, ზემოხსენებული კომპანიებიდან ჩამონათვალში არ შედიან მხოლოდ Red Wings და „აზიმუტი“. 2022 წლის აპრილში აღნიშნულ შავ სიაში 20 რუსული ავიაკომპანია მოხვდა.
„აზიმუტს“ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენის უფლება უკვე მისცა: ორშაბათს ამის თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა ტელეარხ „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ვინ შეძლებს საქართველოში ფრენას?

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ საუბარია ავიაკომპანიებზე, რომლებიც ფრენებს სამამულო წარმოების თვითმფრინავებით ასრულებენ და ამ თვალსაზრისით იმ გადამყვანების რაოდენობა, რომელთაც ორივე მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ, რასაკვირველია, შეზღუდულია. ამის თაობაზე Sputnik-ს სააგენტო „ავიაპორტის“ მთავარმა რედაქტორმა ოლეგ პანტელეევმა აცნობა.
„თუ ესა თუ ის კომპანია, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაშია შესული, საქართველოში გაფრინდება, ქართველ პროვაიდერს შესაძლოა მეორადი სანქციები დააკისრონ“, — განმარტა ექსპერტმა.
ამასთან, პანტელეევს მიაჩნია, რომ პირველი რეისის გახსნასა და შევსებას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს.

რუსეთში მცხოვრები ქართველები მხარს უჭერენ

ქართული დიასპორის დღის მონაწილეები, რომლებიც მოსკოვში 12 მაისს შეიკრიბნენ, ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების განახლების შესახებ ახალ ამბავს მიესალმნენ.

„რუსეთის ქართული სათვისტომოსთვის ეს ღირსშესანიშნავი დღე იყო. უკვე 20 წელზე მეტია ველოდებით სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მიგრაციული პოლიტიკის შემსუბუქებას, რომელიც ბევრ ადამიანს უშლიდა ხელს“, — განუცხადა Sputnik-ის კორესპონდენტს რუსეთში ქართული კულტურული ავტონომიის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ.

პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობა, მისი თქმით, გადაადგილებას ართულებდა: ადამიანებს ან გადაჯდომით ფრენა და ზედმეტი თანხის გადახდა უწევდათ, ან ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რიგებში დგომა, სადაც დროდადრო ბუნებრივი კატაკლიზმები ხდება.
„ეს ნათესაური კავშირებია, ესენი არიან ბიზნესის წარმომადგენლები, ექსპორტიორები, იმპორტიორები. ჩვენი დიასპორა თითქმის ერთი მილიონი ადამიანისგან შედგება“, — დააზუსტა ცეცხლაძემ.
მისი თქმით, არ სურს, რომ მომავალი თაობები იმ პრობლემებით სავსე გარემოში გაიზარდონ, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში წამოიჭრა.
„ჩვენი მომავალი თაობებისთვის ვისურვებდით სახელმწიფოთაშორისი პრობლემების მოგვარებას, რათა ჩვენმა შვილებმა მშვიდობასა და თანხმობაში იცხოვრონ“, — აღნიშნა ცეცხლაძემ.

შესაძლებლობები ტურიზმისთვის

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ხელმძღვანელ ილია უმანსკის თქმით, საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, რუსეთში ძალიან პოპულარულია.
„2019 წელს საქართველოს მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა რუსეთიდან. თუმცა პოტენციალი გაცილებით მაღალი იყო“, — აღნიშნა მან.
და ეს იმ პერიოდში, როდესაც რუსებისთვის სამოგზაუროდ გაცილებით მეტი მიმართულება იყო ღია, მათ შორის, ევროპაც. ახლა კი, ექსპერტის თქმით, როდესაც ვითარება მკვეთრად შეიცვალა, საქართველოში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბოს.
ილია უმანსკის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანას რუსეთიდან დაახლოებით 800.000 ტურისტი ეწვია. თუმცა ახლანდელი რიცხვის შედარება შარშანდელ მაჩვენებელთან არასწორია, ვინაიდან მაშინ ტურისტული ნაკადი დროებითი მიგრაციის ნაკადს შეერია.

„მოქალაქეები, რომლებიც იქ დროებით დასარჩენად მიემგზავრებოდნენ, ალბათ გამგზავრების მიზნად სწორედ ტურიზმს ასახელებდნენ. ამიტომ სტატისტიკა არაზუსტია. ვფიქრობ, ამ 800.000-დან ტურისტი დაახლოებით მესამედი თუ იქნებოდა“, — ვარაუდობს ექსპერტი.

ამასთან მას მიაჩნია, რომ ტურიზმის ფინალურ შედეგზე გავლენას გარკვეული ისეთი ფაქტორებიც იქონიებს, როგორებიცაა რუსეთში იმ თვითმფრინავების დეფიციტი, რომლებსაც საზღვარგარეთ ფრენა შეუძლიათ, ასევე ის ფაქტიც, რომ „ახლა მაისია, სეზონი უკვე დაწყებულია და ბევრს წინასწარ აქვს დაგეგმილი სხვა ადგილებში დასვენება“.
ყველა ახალი ამბავი
0