მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არქეოლოგებმა ზღვაში 7000 წლის წინანდელი ქვაფენილი აღმოაჩინეს - ვიდეო

© Pixabay / Pixabay
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. არქეოლოგებმა ხორვატიის სანაპიროსთან 7000 წლის წინანდელი ქვაფენილის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერთა აზრით, კუნძულ კორჩულას დასახლება სოლინთან აკავშირებდა, იუწყება Science Alert.
არქეოლოგების თქმით, სოლინი ხმელეთის ხელოვნურ მასივზე გაშენებული დასახლება იყო, რომელიც ახლა წყალქვეშაა მოქცეული — დაახლოებით 4-5 მეტრ სიღრმეზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სოლინის ნეოლითური დასახლების ნაშთები პირველად 2021 წელს აღმოაჩინა არქეოლოგმა მატე პარიკამ, როდესაც კუნძულ კორჩულას თანამგზავრულ სურათებს სწავლობდა.
ამ ფოტოებზე აღბეჭდილმა ზღვის ფსკერის უცნაურმა რელიეფმა პარიკას და მის კოლეგას აფიქრებინა, რომ საქმე ადამიანის ხელით შექმნილ ობიექტთან ჰქონდათ. ამიტომ იქაურობის ახლოდან შესწავლა გადაწყვიტეს, რისთვისაც აკვალანგებით ჩაყვინთეს ზღვაში. სწორედ მაშინ იპოვეს მკვლევარებმა დაახლოებით 4-5 მეტრი სიღრმეზე ქვის კედლები, რომლებიც, მათი აზრით, უძველესი დასახლების ნაშთები უნდა ყოფილიყო.
ახლახან კი წინაისტორიული ხანის გზასაც მიაკვლიეს, რომელიც ბუნებრივ ნგრევას იმის გამო გადაურჩა, რომ გარშემორტყმული კუნძულები ამ ადგილს დიდი ტალღებისგან იცავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ქვის ფილებისგან აგებულ დაახლოებით 4 მეტრი სიგანის გზაზე, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში საფუძვლიანად იყო დამალული შლამისა და ქვიშის ქვეშ.
არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ დასახლება სოლინიცა და ახლად აღმოჩენილი გზაც ნეოლოთური ხანის ხორვატიული კულტურის ნაშთია, რომელიც ოდესღაც სახლობდა ადრიატიკის აღმოსავლეთ ნაწილში.
სოლინზე ნაპოვნი არტეფაქტის რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ დასახლება ჩვენს ერამდე დაახლოებით 4900 წელს არსებობდა, ხოლო ქვის გზის შესწავლით დადგინდა, რომ „ადამიანები ამ გზით თითქმის 7000 წლის წინ სარგებლობდნენ“.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი საიდუმლო, რომელსაც კუნძული კორჩულა ინახავს. მკვლევართა ჯგუფმა კიდევ ერთ წყალქვეშა დასახლებას მიაგნო — ამჯერად კუნძულის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც საოცრად ჰგავს სოლინს და ქვის ხანის რამდენიმე დამაინტრიგებელ არტეფაქტს შეიცავს.
წყარო: Science Alert
ყველა ახალი ამბავი
0