პაპუაშვილი: ჰეიდარ ალიევმა საქართველოსა და თურქეთთან ერთად შეუძლებელი შესაძლებლად აქცია

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
გამოწერა
ჰეიდარ ალიევმა საერთაშორისო არენაზე შორსმჭვრეტელი და პატივსაცემი ლიდერის სახელი დაიმკვიდრა, აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებთან ერთად ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო მარშრუტების აღდგენით შეუძლებელი შესაძლებლად აქცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბაქოში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის მეთაურობით ბაქოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრები.
დღეს კი პაპუაშვილმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაში, რომელიც ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

„პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა ლიდერებმა შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი შორსმჭვრეტელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებმაც ძველი სავაჭრო მარშრუტები თანდათან აღადგინეს და რომლებიც დღეს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საკვანძო რგოლს წარმოადგენენ", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტები, რომლებსაც საფუძველი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევითა და პრეზიდენტ ალიევის გამორჩეული ლიდერობით ჩაეყარა, დიდი სტრატეგიული ხედვის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი მხარდამჭერი იყო, ხოლო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების გაძლიერებაში მისმა მნიშვნელოვანმა როლმა ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობა მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად აქცია.
ქართველი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს მთავრობა ამას განსაკუთრებით აფასებს.
© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
Шалва Папуашвили на специальном заседании Милли Меджлиса Азербайджана, посвященном 100-летию со дня рождения Гейдара Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
„ამ ღირსშესანიშნავ და ისტორიულ დღეს მსურს აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ჰეიდარ ალიევმა, ისტორიულმა სახელმწიფო მოღვაწემ და გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, საერთაშორისო არენაზე შორსმჭვრეტელი და პატივსაცემი ლიდერის სახელი დაიმკვიდრა.

„მან დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება მისაბაძი. ამ მდიდარი მემკვიდრეობის საფუძველზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის შემდგომი განვითარებისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა", – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი იყო ეროვნული ლიდერი, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა თანამედროვე აზერბაიჯანის ფორმირებაში.
„აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის რთული პირველი წლების შემდეგ ბატონმა ალიევმა გააძლიერა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული სულისკვეთება, ხელი შეუწყო ეროვნულ გამოღვიძებას და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ სახელმწიფოებრიობას", – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებით ალიევმა ქვეყანა ძლიერ, სტაბილურ და წარმატებულ სახელმწიფოდ გარდაქმნა.
„შედეგად, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მსოფლიოში ყველაზე ღირებული – საკუთარი ერის გული მოიგო", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
Шалва Папуашвили на специальном заседании Милли Меджлиса Азербайджана, посвященном 100-летию со дня рождения Гейдара Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2023
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წელი 10 მაისს შესრულდა. აზერბაიჯანში 2023 წელი ჰეიდარ ალიევის წლად გამოაცხადეს.
თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2022 წლის ივნისში გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
ყველა ახალი ამბავი
0