ქართველმა ძიუდოისტებმა განიმტკიცეს ლიდერობა საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში

© photo: Sputnik / Stringerლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე
ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
90 კგ წონით კატეგორიაში ლიდერი კარიერაში პირველად ლუკა მაისურაძე გახდა
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი, რომლის თანახმად, მამაკაცთა თანრიგში შვიდიდან ოთხ წონით კატეგორიაში ლიდერობენ ქართველი სპორტსმენები - ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ).
წინა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი სარდალაშვილი 60 კგ წონით კატეგორიაში კვლავ მეხუთე ადგილზეა (4.906 ქულა).
ძიუდო: დოჰაში ქართული ფინალი გაიმართა >>
66 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა ვაჟა მარგველაშვილმა (4591), რომელიც დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხის მიუხედავად, 73 კგ წონით კატეგორიაში ლიდერი კვლავ ლაშა შავდათუაშვილია (6.496).
90 კგ წონით კატეგორიაში კარიერაში პირველად ლიდერი გახდა ლუკა მაისურაძე (7.050). ლაშა ბექაურს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მაისურაძეს დაუთმო, 5.100 ქულა აქვს. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ორი პოზიციით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა.
მეოთხე პოზიციაზეა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ბექა ღვინიაშვილი (5.293).
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა >>
100 კგ წონით კატეგორიაში 6.783 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა ილია სულამანიძე, რომელმაც დოჰაში ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო. გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3.775) სიაში მეცხრე ადგილზეა.
100+ კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილს მე-11 პოზიცია უკავია (3.472), გურამ თუშიშვილს - მე-13 პოზიცია (3.285).
ქალთა რეიტინგში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) 4.321 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა, ეთერ ასკილაშვილი (63 კგ, 310 ქულა) – 79-ე პოზიციაზე, ხოლო მძიმეწონოსანი სოფია სომხიშვილი (2.723) - მე-17 ადგილზეა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0